ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანქციები ირანის წინააღმდეგ


ახალი სანქციები ევროკავშირის ქვეყნებს და კერძო კომპანიებს არამარტო ირანული ნავთობის შესყიდვას, არამედ ირანული ტვირთის დაზღვევასაც უკრძალავს

ირანი დასავლეთს ბირთვული პროგრამების შეჩერების სანაცვლოდ სანქციების მოხსნას სთხოვს. აღნიშნული განცხადება ორშაბათს ქვეყნის ოფიცილურმა წარმომადგენლება მოსკოვში მოწყობილ შეხვედრაზე გააკეთეს. საგანგებო კრებას გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი ქვეყნის და გერმანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი მოითხოვენ, რომ ირანის ურანით გამდიდრების გეგმა 20 პროცენტს არ აღემატებოდეს.

ირანი გამდიდრების პროგრამების გაფართოების აუცილებლობას ქვეყნის ენერგორესურსების და სამედიცინო საჭიროებით ხსნის. თუმცა, დასავლეთი მიიჩნევს, რომ ბირთვული პროგრამები ნიადაგს ატომური იარაღის სწრაფად შექმნისთვისაც ამზადებს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების სპიკერის -მაიკლ მენის- განცხადებთ, ირანისთვის დაწესებული ახალი სანქციები ძალაში სავარაუდოდ 1 ივლისს შევა:

„პირველი ნაბიჯი ირანის ურანით გამდიდრების 20-პროცენტზე დაყვანაზე დათანხმება იქნება. ახალი სანქციები ჩვენ მზად გვაქვს და ისინი 1 ივლისს ამოქმედდება. როგორც წესი, სანქციების განხილვა შესაძლებელია. ოღონდ მათი გადახედვა მხოლოდ კონკრეტულ შემხვედრ ნაბიჯებს მოჰყვება“ - აღნიშნა ევროკავშირის სპიკერმა.

გასულ წელს შეერთებული შტატების ლიდერობით ამოქმედებულმა სანქციებმა ირანის ნავთობის ექსპორტი თითქმის გაანახევრა. 1 ივლისს ევროპის მიერ სანქციების გამკაცრება ქვეყნის საგარეო ვაჭრობას კიდევ უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს. ახალი სანქციები ევროკავშირის ქვეყნებს და კერძო კომპანიებს არამარტო ირანული ნავთობის შესყიდვას, არამედ ირანული ტვირთის დაზღვევასაც უკრძალავს.

დასავლეთის ქვეყნების დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ირანმა სანქციების სიმკაცრე და მათი ეკონომიკური ეფექტი უკვე კარგად შეიგრძნო. ამის პირველი დამადასტურებელი ნიშანი ის არის, რომ ირანი მათ მოხსნას ითხოვს. მას შემდეგ, რაც ირანმა სანქციების შესახებ პრეტენზია წამოაყენა, მოლაპარაკებათა ხასიათი შეიცვალა და საუბრებმა უფრო კონკრეტული, პუნქტობრივი განხილვის სახე მიიღო.

ორშაბათს, დღის ბოლოს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ ირანის წარმომადგენლობის სპიკერმა, ალი ბაღერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რუსეთის დედაქალაქში „კონსტრუქციული და სერიოზული“ იყო. შეხვედრას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების სპიკერმაც ანალოგიური შეფასება მისცა:

(Mann ACT)
„რთული მოლაპარაკება იყო, ბიზნეს-შეხვედრების მსგავსად - გულახდილი. მისი არსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ სერიოზულ საკითხებზე სერიოზული მსჯელობა გამართულიყო“ - განაცხადა მაიკლ მენმა.

რუსეთის სპიკერის თქმით, მხარეთა პოზიციებს შორის უთანხმოება არსებობს, მაგრამ მოლაპარაკებები მაინც „კეთილმოსურნეობით“ გამოირჩეოდა. რუს პოლიტიკოსებს მოსკოვის შეხვედრაზე მიღწეული თვალსაჩინო პროგრესის დანახვა სურთ. პუტინის მიერ ახალი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში მიღწეული წარმატება რუსეთისთვის მსოფლიო პოლიტიკაში მთავარ მოთამაშედ დაბრუნების ნიშანი იქნებოდა. რუსულმა მხარემ მოლაპარაკება კიდევ ერთი დღით გააგრძელა და განაცხადა, რომ შეხვედრა სავარაუდოდ ოთხშაბათის ჩათვლით გასტანს.

რაჯაბ საფაროვი, მოსკოვში თანამედროვე ირანის სწავლებათა ცენტრის დირექტორი, აღნიშნავს, რომ დასავლეთი პუტინის პრესიტიჟის დასაცემად, შეეცდება შეხვედრის წარმატებით დამთავრებას ხელი შეუშალოს:

მოსკოვის მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, დასავლეთს მისი შედეგი დიდად არ აინტერესებს, რადგან ნებისმიერი პოზიტიური შედეგი ირანელ დიპლომატთა წარმატების და დასავლური დიპლომატიის სრული დამარცხების მომასწავებელი იქნებოდა“ - აღნიშნავს რუსი ანალიტიკოსი. გასულ კვირას ბატონი საფაროვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, თეირანში ახლდა და ბირთვული პროგრამების საკითხებზე იქ გამართულ მოლაპარაკებებს ესწრებოდა.

უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე რუსეთი დასავლეთის ქვეყნებთან ერთად ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თაობაზე წუხს. ურანით გამდიდრების პროგრამების გაფართოებამ ირანს და დასავლეთს შორის არსებული უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავა. ირანი დიდი ხანია, რაც ისრაელს ღიად ემტერება. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აჩქარება ისრაელის მხრიდან საპასუხო საომარ მოქმედებებს გამოიწვევს. მოსკოვის შეხვედრის წინა დღეს ისრაელის ვიცე პრემიერმა, მოშე აიალონმა განაცხადა, რომ ისრაელის დილემა შესაძლოა „ბომბის ნაცვლად - დაბომბვა“ გახდეს.
XS
SM
MD
LG