ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე დებატები გრძელდება


დროებითი შეთანხმება ირანისგან ურანის გამდიდრების ახლა არსებულ დონეზე შეჩერებას მოითხოვს

ბმული

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ამერიკელები ორი ერთზე თანაფარდობით უჭერენ მხარს.

თუმცა, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა.

„ისრაელი არ აღიარებს ამ შეთანხმებას. ჩვენ არ შეგვიძლია იმის დაშვება და არც დავუშვებთ, რომ იმ რეჟიმმა, რომელიც ისრაელის განადგურებისკენ მოუწოდებს, ამ მიზნის მისაღწევი საშუალება ჩაიგდოს ხელში. ჩვენ არ დავუშვებთ ირანის ხელში ბირთვული იარაღის არსებობას.“

დროებითი შეთანხმება ირანისგან მოითხოვს ურანის გამდიდრების ახლა არსებულ დონეზე შეჩერებას, ცენტრიფუგებზე შემდგომი მუშაობის გაყინვას და არაკის რეაქტორზე, პლუტონიუმის საწარმოებლად მიმართული ძირითადი საქმიანობის შეჩერებას.

შეთანხმება ასევე დროებით აჩერებს ამერიკის და ევროკავშირის ზოგიერთ ეკონომიკურ სანქციას და შეთანხმების 6 თვიანი ვადის განმავლობაში, კრძალავს ახალი სანქციების დაწესებას.

კონგრესში ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ზოგიერთი დემოკრატი და ბევრი რესპუბლიკელი, როგორიცა სენატორი ლინდსი გრაამი ამბობს, რომ ეს ცუდი შეთანხმებაა.

”ეს შეთანხმება მათგან არ მოითხოვს პლუტონიუმის რეაქტორის გათიშვას, არ მოითხოვს ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე უარის თქმას, რასაც შეუძლია ბირთვულ იარაღამდე მიყვანა. ეს შეთანხმება მათ 7 მილიარდ დოლარს აძლევს. ისინი ფულს მიიღებენ, ჩვენ კი ბევრს ვერაფერს.“

თუმცა, ვაშინგტონში დაფუძნებულ, შეიარაღების კონტროლის დამოუკიდებელი ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დერილ კიმბალს მიაჩნია, რომ დარჩენილი სანქციები გადაწონის სხვა სანქციების შერბილებით მიღებულ შედეგს.


„სანქციების შერბილება, რასაც ირანი შეთანხმებით გათვალისწინებული 6 თვის განმავლობაში მიიღებს, 10 მილიარდ დოლარზე ნაკლები თანხით შემოიფარგლება. იმავდროულად, ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში, 15-20 მილიარდი დოლარის ოდენობის ირანის კუთვნილი ქონება დარჩება გაყინული.“

და ირანი ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტის გაზრდას.

6 თვის განმავლობაში თუ ვერ მოხერხდება საბოლოო შეთანხმების მიღწევა, კიმბალის თქმით, შესაძლოა პირველი ეტაპი გაგრძელდეს ან კონგრესმა კენჭი უყაროს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას.

რესპუბლიკელი სენატორი საქსბი ჩემბლისი ამბობს, რომ ეკონომიკური სანქციები შედეგის მომტანია და ამიტომ უნდა მოხდეს მათი გამკაცრება და არა შერბილება.

„ბირთვულ საკითხებზე ჩვენ ადრე ვენდეთ ირანელებს, ისევე როგორც ჩრდილოეთ კორეელებს, და რა მივიღეთ ამის სანაცვლოდ?“

დერილ კიმბალის აზრით, შემდგომი სანქციები შეიძლება უკუშედეგის მომტანი აღმოჩნდეს.

„ეს შეიძლება შეთანხმების პირდაპირი დარღვევა აღმოჩნდეს და ირანელებმა თქვან, რომ აღარ გადადგამენ შეთანხმებით გათვალისწინებულ იმ ნაბიჯებს, რაც მათი პროგრამის შეზღუდვისკენაა მიმართული.“

იმ დროს, როცა მოლაპარაკების მონაწილენი მუშაობენ ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე, ამერიკის ოფიციალური პირები გააგრძელებენ დებატებს დროებითი შეთანხმების ავკარგიანობაზე.
XS
SM
MD
LG