თანდათან ირკვევა სოციალურ ქსელში ვიდეოების გამოქვეყნებისთვის დაკავებული ირანელი ქალების საქმის დეტალები. ისინი “ინსტაგრამზე” დასავლურ და ირანულ მუსიკაზე საკუთარი ცეკვის ვიდეოების ატვირთვისთვის დააკავეს.
როგორც საქმის ვითარების მცოდნე ერთ-ერთმა ადამიანმა “ამერიკის ხმის” სპარსულ რედაქციას უთხრა, ერთ-ერთი დაკავებული მადე ჰოჯაბრი 19 წლისაა. მას შემდეგ, რაც მადემ თავის სახლში გადაღებული ცეკვის რამდენიმე ვიდეო “ინსტაგრამზე” ატვირთა, ის პოპულარული გახდა და 600 ათასამდე მიმდევარი გაუჩნდა. მისი ანგარიში დახურეს და ახალგაზრდა ქალი დააკავეს. ვარაუდობენ, რომ ეს ამბავი ერთი თვის წინ მოხდა, დაახლოებით იმავე დროს, როცა მადე სოციალური ქსელებიდან გაქრა.
დაკავებულია კიდევ ორი ახალგაზრდა ირანელი ქალი, რომელთა ცეკვის ვიდეოებიც ასევე განსაკუთრებით პოპულარული იყო. “ამერიკის ხმის” ანონიმური წყაროს ინფორმაციით, მათი სახელებია ელნაზ ღასემი და შადიბი. ამ უკანასკნელის გვარის დადგენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მათ ვიდეოებს “იუ-თუბზე” ათობით ათასი ნახვა ჰქონდა.
Facebook Forum