ირანმა ამ კვირის დასაწყისში, თეირანთან ჩამოვარდნილი უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის მიზეზების გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად, შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო მიიწვია, რომელიც ავარიების გამომძიებელი სააგენტოა.
ხუთშაბათს სააგენტომ გამოაცხადა, რომ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის, თვითმფრინავების ავარიების გამომძიებელი საბჭოსგან მიიღო „ოფიციალური შეტყობინება“ ავარიის შესახებ და ამ „ავარიის გამოსაძიებლად აკრედიტებულ წარმომადგენელს“ გზავნის.
საგამოძიებო გუნდში მონაწილეობის მისაღებად ირანმა ასევე მიიწვია „ბოინგი“, თვითმფრინავის ამერიკული მწარმოებელი.
ნათელი არ არის, თუ შეერთებული შტატების ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები როგორ დონეზე შეძლებენ გამოძიებაში მონაწილეობის მიღებას, რადგან ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციები მოქმედებს და ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა გაზრდილია.
გამოძიებაში უკრაინაც მონაწილეობს.
ვითარების ბოლო განვითარება იმ დროს ხდება, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გაახმოვანა ეჭვი, რომ შესაძლოა ირანმა უკრაინული ავიალაინერი შემთხვევით ჩამოაგდო.
მთავრობის წყარომ „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გააანალიზეს თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემები და გამოსახულებები, რაც მათ საფუძველს აძლევს დაიჯერონ, რომ თეირანიდან აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ, ავიალაინერს, რომელსაც შემთხვევით დაუმიზნეს, რუსული წარმოების მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტა მოხვდა.
Facebook Forum