ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება


ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის ირანთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი არ არის.

„პირდაპირ რომ ვთქვა, მე არ მაღელვებს, ჩაერთვებიან თუ არა მოლაპარაკებებში“, - თქვა ტრამპმა კვირას, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“. და იქვე მოუწოდა ირანელ კოლეგას უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და არ დახოცოს საკუთარი დემონსტრანტები.

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრიენი, ტელეკომპანა „სი-ბი-ეს“-სთან საუბარში ამბობს, რომ ამერიკა ირანის ლიდერებზე ზეწოლას ზრდის და ირანელებს მოლაპარაკებების გარდა სხვა არჩევანს აღარ უტოვებს.

ირანში კვირას ანტისამთავრობო დემონსტრაციები განახლდა. აქციის მონაწილეების პროტესტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ "უკრაინული ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. ბორტზე მყოფი 176-ივე ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა კანადის მოქალაქე იყო. ირანის ხელისუფლება თავიდან დანაშაულის დაფარვას ცდილობდა და აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ძრავის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

თვითმფრინავს ირანული რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (ყუდსი) გასროლილი რაკეტა მოხვდა. ყუდსის განცხადებით, ეს „ტრაგიკული შეცდომა იყო“ და ისინი ბოდიშს იხდიან. "უკრაინული ავიახაზების" „ბოინგ 737“-ის ჩამოგდება, ირანის მიერ ერაყში, ამერიკული ბაზების მიმართ სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათში მოხდა.

ირანმა ამერიკულ ბაზებშე შეტევა მას შემდეგ მიიტანა, რაც ვაშინგტონმა რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი გაანეიტრალა.

აქციის მონაწილეები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. შაბათს გამართულ სტუდენტთა დემონსტრაციაზე ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგებიც ისმოდა.

პროტესტი ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეორე ტალღაა. ორი თვის წინ, ირანმა საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით ჩაახშო, მას შემდეგ რაც ირანელები საწვავზე ფასების ზრდის გამო, ქუჩაში გამოვიდნენ. ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ინფორმაციით, მთავრობის მიერ დემონსტრაციების ჩახშობისას, 300-მდე ადამიანი მოკლეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG