ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა იქნება „წითელი ხაზი“ ისრაელისთვის


რა იქნება „წითელი ხაზი“ ისრაელისთვის

ირანის ბირთვულ ობიექტებზე შესაძლო დარტყმების შესახებ საუბრები ნელნელა აქტიურდება როგორც ვაშინგტონსა და ისრაელში, ასევე თეირანში. თელ-ავივში ირანის ბირთვული ამბიცების გამო განსაკუთრებით გამოხატავენ შეშფოთებას. ასევე ვაშინგტონის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერდა ეჭვები, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ პრევენციულ დარტყმას მიმართოს. არსებული დაძაბულობის დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი არკვევდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ეჰუდ ბარაკის განცხადებით, მსოფლიოს თანამეგობრობას ეწურება ვადა, რის შემდეგაც ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის შეჩერება შეუძლებელი იქნება. ასევე ამერიკულ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ისრაელმა შესაძლოა ირანზე დარტყმა აპრილიდან ივნისამდე განახორციელოს. ამ ინფორმაციის გაჟღერების მეორე დღესვე თეირანში სულიერმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ მკაცრი განცხადება გააკეთა და ირანზე შეტევის შემთხვევაში შურისძიებით დაიმუქრა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ისრაელსა და ამერიკას ირანის ბირთვული პროგრამის შეფასების მიმართ განსხვავებული მიდგომები აქვთ.

2007 წელს ამერიკის ეროვნული დაზვერვის შეფასებით ირანს ქონდა ტექნოლოგიური წინსვლა, თუმცა ჯერ კიდევ შორს იდგა ბირთვული იარაღის შექმნისგან.

2009 წელს „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს იმჟამინდელმა დირექტორმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ირანმა შესაძლოა ბირთვული იარაღი 2010 დან 2015 წლამდე მოახერხოს.

„ჩვენი შეფასებით და სადაზვერვო მონაცემებით, ისინი ცდილობენ ბირთვული შესაძლებლობების განვითარებას დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის მეშვეობით, თუმცა საკითხავია თუ რამდენად შეუძლიათ მათ წინ წასვლა ამ მიმართულებით,“ - განაცხადა პანეტამ.

უკანასკნელი შეფასება გასულ წელს გაკეთდა. მართალია დოკუმენტი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, ოფიციალური პირების განცხადებით 2007 და 2011 წლების შეფასებებს შორის მცირე სხვაობაა. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის ლიდერები თავიანთ არჩევანს ღიად აფიქსირებენ. მისი თქმით, ისინი მიდიან ბირთვული იარაღის შექმნის მიმართულებით, თუმცა, მას არ სჯერა, რომ თეირანმა მიიღო ბომბის შექმნის გადაწყვეტილება. არსებული შეფასებებით ირანს უკვე შეუძია ურანის გამდიდრება 20 პროცენტით.

თუმცა ბირთვული იარაღის შექმნას 90 პროცენტით გამდიდრებული ურანი ესაჭიროება. ეს კი ის დონეა რისთვისაც ირანს ჯერ არ მიუღწევია.

ტომას ფინგარი ამერიკის დაზვერვის ოფიცერი იყო და ერთ დროს სადაზვერვო საბჭოსაც ხელმძღვანელობდა. ის ისრაელის შეშფოთებაზე საუბრობს.

„თუკი ირანი მართლაც გაამდიდრებს ურანს ბირთვული ბომბის დონემდე, თუმცა მე ამის დამადასტურებელი მასალა არ მინახავს, მაშინ ისინი ახლოს იქნებიან ბომბის შექმნასთან. ურანი არის კრიტიკული განზომილება,“ - ამბობს ფინგარი. მისი თქმით, ნებისმიერი დარტყმა ირანზე, გამოიწვევს საპასუხო დარტყმას.

თუმცა, ანალიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ ძნელი განსასაზაღვრი იქნება, თუ როდის გადაკვეთს ირანი ე.წ. წითელ ხაზს. თანაც იმ დროს, როცა თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შეფი დევიდ პეტრეუსი ამბობს, მთავარი ინდიკატორი ურანის 90 პროცენტამდე გამდიდრება იქნება.

თუმცა, თუ რა იქნება „წითელი ხაზი“ ისრაელისთვის ამას თელავივი არ აკონკრეტებს.

ისრაელში შიშობენ, რომ ირანმა შესაძლოა თავის ბირთვული ობიექტები მიწისქვეშ გადაიტანოს და სწორედ იქ განაგრძოს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა.

როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა განაცხადა, ისრაელი ვერ დაელოდება იმ დროს, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იქნება.

XS
SM
MD
LG