ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერაყში


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ერაყში

ირანის ახლახან დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალი აკბარ სალეჰიმ საზღვარგარეთ თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტად ერაყი ირჩია. აღსანიშნავია, რომ სალეჰი ამ თანამდებობაზე გასულ თვეს დაინიშნა. თეირანს იმის იმედი აქვს, რომ სალეჰი, რომელიც ერაყში დაიბადა და არაბულს თავისუფლად ფლობს, მეზობელ არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს გააღრმავებს.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ედვარდ იერანიანი ქაიროდან იუწყება, ირანის სახელმწიფო მედია საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აკბარ სალეჰის პირველ ვიზიტს არაბულ სამყაროში ზედმიწევნით აშუქებს. ამით თეირანი ხაზს უსვამს იმას, რომ ირანი მეზობელ სახელმწიფოსთან და ყოფილ მტერთან ერაყთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებას უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მას შემდეგ რაც 2003 წელს შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ერაყში სამხედრო ინტერვენცია განახროციელა და სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხო, გასული საუკუნის 80-იანი წლების სისხლიანი კონფლიქტით მიყენებული ტრავმის მიუხედავად ურთიერთობა ირანსა და ერაყს შორის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

სალეჰი ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოშიარ ზებარის შეხვდა. შეხვედრების დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მთავრობა ერაყის დემოკრატიულ განვითარებას ემხრობა.

ბაღდადში გამართულ პრეს კონფერენციაზე სალეჰიმ აღნიშნა, რომ ირანი ერაყში სახალხო სუვერენიტეტსა და მოსახლეობის ყველა ნაწილის მონაწილეობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას ემხრობა. გრძელვადიან პერსპექტივაში ირანი ერაყის ხალხისა და მთავრობის გვერდით იდგება, განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ორი კვირის წინ შიიტების გავლენის ქვეშ მყოფი ერაყის მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა, ბაღდადს ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი და იორდანიის პრემიერ მინისტრი ესტუმრნენ. ხსნებული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები მეტვყელებს იმას, რომ ერაყის სუნიტებით დასახლებული მეზობელი სახელმწიფოები ერაყში შიიტური ირანის მზარდი გავლენის შეკავებას ცდილობენ.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ აღნიშნა, რომ სალეჰისთან შეხვედრაზე მხარეებმა ირანული ოპოზიციური ჯგუფის ერაყიდან განდევნის საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ თეირანს დაჯგუფება „მუჯაჰედინ-ე-ხალქის“ ანუ „სახალხო მუჯაჰედინების“ სახელწოდებით ცნობილი ორგანიზაციის დაშლა აქვს გამიზნული. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის შენიშვნები შეიძლება ასახავს იმას, რომ ბაღდადი ამ მწვავე საკითხის გადაჭრას აპირებს.

ზებარის თქმით, „სახალხო მუჯაჰედინების“ მსგავსი ორგანიზაციები ერაყის ხალხისა და ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ და ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად ერაყის ტერიტორიაზე ისეთი გასამხედროებული დაჯგუფებების მოქმედება, რომლებიც მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას ახორციელებენ, ყოვლად დაუშვებელია.

აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში ირან-ერაყის რვაწლიანი ომის დროს ხსენებული დაჯგუფება სადამ ჰუსეინის სუნიტური რეჟიმის მოკავშირე იყო და ირანის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძვოდა. ამჟამად „სახალხო მუჯაჰედინების“ ორგანიზაციის მომხრეები ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბანაკში ბინადრობენ. აღსანიშნავია, რომ ბანაკი გარშემორტყმულია ერაყის სამხედრო ძალებით.

ლონდონში მდებარე არაბულ და ირანულ კვლევათა ცენტრის ანალიტიკოსი ალი ნურიზადე აღნიშნავს, რომ ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის ირანის გაღიზიანება არ სურს. იმავდროულად მალიკი ცდილობს დაანახოს არაბულ სამყაროს, რომ ბაღდადს თეირანისგან დამოუკიდებლად მოქმედება შეუძლია.

„მალიკის პირველ მთავრობას არაბები ეჭვით უყურებდნენ. ისინი მას 100 პროცენტით არ ენდობოდნენ. ეს განსაკუთრებით საუდის არაბეთს ეხება. ახლა კი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. მალიკის სურს დაანახოს ყველას, რომ იგი ირანელების მსახური არ არის,“ დასძინა ნურიზადემ.

ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ბატონი მალიკი ერაყის შიიტების პარტია „დაუას“ წევრია, რომელიც ტრადიციულად ირანის გარდა კავშირებს არაბულ სახელმწიფოებთანაც ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG