ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ირანის ახალი სკანდალი


აშშ-ირანის ახალი სკანდალი

შეერთებული შტატების ბრალდება თითქოს ირანელები საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას გეგმავდენს, ირანის საკითხზე მომუშავე ანალიტიკოსების სკეპტიციზმს იწვევს. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გარი ტომასი შეთქმულების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებს არკვევდა.

ბრალდების თანახმად, ამერიკის მოქალაქე ტეხასელი მანსურ არბაბსიარი ირანის ელიტარული დანაყოფის ქუდსის წევრთან ერთად ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობას გეგმავდა. ვაშინგტონის განცხადებით, შეთქმულები კავშირში იყვნენ მექსიკურ ნარკოკარტელთან თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ირანი ვაშინგტონის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

კენ კათზმანი კონგრესის კვლევის სამსახურში ირანის საკითხებზე დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა. ის ირანული მიდგომების შესახებ საუბრობს.

„თუკი ირანელები არ იქნებოდნენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი ხალხი შეერთებულ შტატებში ამგვარ აქციას განახორციელებდა, ისინი ამას არ დაიწყებდნენ. ისინი საუდის არაბეთზე სადმე სხვაგან მიიტანდნენ შეტევას. ისინი არ იტყოდნენ, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს შეტევა შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენ არ გვყავს ჩვენი ხალხი და ვაპირებთ ამ ხალხის დაქირავებას,“ - ამბობს კათზმანი.

ქუდსის ძალებზე ცნობილია ის, რომ მათ ირანის გარეთ რამდენიმე მკვლელობა აქვთ განხორციელებული. მათი სამიზნეები კი ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში მყოფი ირანელი დისიდენტები იყვნენ.

კათზმანი ამბობს, რომ ირანელები ისეთ სენსიტიურ საქმეში, როგორიც ელჩის მკვლელობაა, გარეშე ჯგუფს, განსაკუთრებით არამუსლიმებს არ გამოიყენებდნენ.

როგორც ცნობილია, ირანში შიიტური თეოკრატიული რეჟიმია, ხოლო საუდის არაბეთში კი მემკვიდრეობითი მონარქია. როგორც სკანდალური ვებგვერდის ვიკილიქსის მიერ 2008 წლის დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნების შედეგად გახდა ცნობილი, ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩი აბდელ ალ-ჯუბირი შეერთებულ შტატებს ირანზე დარტყმის განხორციელებისკენ მოუწოდებდა.

თუმცა, ჩარლზ ფადისი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამბობს, რომ ამერიკაში ელჩის მკვლელობის დაგეგმვა ექსტრაორდინალური ნაბიჯია.

„შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სამიზნის ამორჩევა ეს საომარი ქმედებაა, რასაც აუცილებლად მოყვება პასუხი. უნდა დაისვას კითხვა, რა ამოძრავებდათ მათ იმ დროს, როდესაც ჩვენ ვტოვებთ ერაყს და გამოვდივართ ავღანეთიდან. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დრო მათზე მუშაობს. რატომ უნდა ნდომოდათ მათ სწორედ ამ დროს ჩვენთვის თვალში თითის ტაკება. ამას აზრი არ ქონდა,“ - ამბობს ფადისი.

კერძო სადაზვერვო კომპანიის „სტრატფორის„ ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი ქამრან ბოხარი მიუთითებს, რომ ასეთი აქტის განხორციელების შემთხვევაში შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდებოდნენ ერთმანეთს.

„ირანელების აზრით, შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი მჭიდრო მოკავშირეები არიან. და ირანელებისთვის ეს რთული სტატუსქვოა. რატომ მოუნდებოდათ ისეთი აქტის განხორციელება, რაც ამერიკას და საუდის არაბეთს კიდევ უფრო დაახლოვებდა? ამდენად ამას მათთვის აზრი არ ქონდა,“ - ამბობს ბოხარი.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არბაბსიარმა ირანიდან 100 ათასი დოლარი მიიღო, რაც შესასრულებელი სამუშაოს ავანსი იყო. თუმცა, სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ფადისი ამბობს, რომ ირანში მრავალი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალაა და შესაძლოა ეს ყოფილიყო ის ოპერაცია, რომელიც ოფიციალურ ხელისუფლებასთან არ იქნებოდა შეთანხმებული.

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის მთავრობას ეკისრება.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებს და ირანს არსებულ საქმეზე ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი აქვთ. საგარეო უწყებას სხვა დეტალები არ გაუვრცელებია. როგორც ცნობილია, ვაშინგტონს და ირანს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

XS
SM
MD
LG