ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა დისიდენტ რეპერს "გახრწნილების გავრცელების" ბრალი წაუყენა


თუმაჯ სალეჰი, ირანელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი
თუმაჯ სალეჰი, ირანელი ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი

ირანის სასამართლო სისტემამ დისიდენტ რეპერ თუმაჯ სალეჰის, „დედამიწაზე გახრწნილების გავრცელების“ ბრალი წაუყენა. ეს სერიოზული ბრალდებაა, რომელსაც ისლამურ რესპუბლიკაში შესაძლოა სიკვდილით დასჯა მოჰყვეს.

გავრცელებულ ცნობებში ციტირებენ ისპაჰანის მთავარ მოსამართლე ასადოლა ჯაფარის, რომელმაც 27 ნოემბერს თქვა, რომ სალეჰის სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მათ შორის „ისტებლიშმენტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობა, ქვეყნის უსაფრთხოების შერყევის განზრახვით, არალეგალური ჯგუფის ჩამოყალიბება, მტრულ მთავრობებთან თანამშრომლობა და სიცრუის გავრცელება და ძალადობის ჩასადენად სხვების წაქეზება.“

აშშ-ში ბაზირებულმა უფლებადაამცველმა ჯგუფმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ სალეჰის სასამართლო „მის მიერ შერჩეული ადვოკატის გარეშე დაიწყო,“ და მისმა ოჯახმა განაცხადა რომ მისი „სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშაა“.

თუმცა ჰაფარიმ თქვა, რომ ჯერჯერობით სალეჰის საქმეზე სასამართლო მოსმენა არ შემდგარა. სალეჰი ოქტომბრის ბოლოს რელიგიური სისტემის დაგმობის გამო და საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის დააკავეს. დემონსტრაციები 22 წლის მაჰსა ამინის პატიმრობაში სიკვდილმა გამოიწვია.

რეპერი მალევე დააკავეს მას შემდეგ, რაც მან კანადის სამაუწყებლო კორპორაციას უთხრა: „საქმე გაქვთ მაფიასთან, რომელიც საკუთარი ძალაუფლების, ფულის და იარაღის შესანარჩუნებლად, მზად არის მთელი ხალხი ამოწყვიტოს“.

ამის შემდეგ სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თვალებაკრული რეპერი თავისი სიტყვებისთვის ბოდიშს იხდიდა. მისი ოჯახის წევრებმა და და მხარდამჭერებმა ხელისუფლებას ბრალი დასდეს, რომ სალეჰი ციხეში წამებით აიძულეს ყალბი აღიარება გაეჟღერებინა.

სალეჰის ოჯახმა მისი ჯანმრთელობის და წაყენებული ბრალდებების გამო შეშფოთება გამოთქვა. თვის დასაწყისში 100-ზე მეტმა მუსიკოსმა, პოეტმა, მხატვარმა და აქტივისტმა მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG