ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ორი წელი ძალიან სწრაფად გავა"


"ორი წელი ძალიან სწრაფად გავა"
"ორი წელი ძალიან სწრაფად გავა"

ინტერვიუ ირაკლი ალასანიასთან

ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით შეხვედრები გქონდათ სახელმწიფო დეპარტამენტში. როგორ აფასებთ თქვენს ვიზიტს ვაშინგტონში და როგორია ამერიკელების ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?

სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გვქონდა ბატონ ფილიპ გორდონთან, ქალბატონ ქეიდენაუსთან და ანალიტიკოსების ჯგუფთან. ძირითადად ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. მთლიანობაში მდგომარეობა ფასდება, როგორც პროგრესი, ქართულმა საზოგადოებამ ჩააბარა ეს ტესტი ადგილობრივ არჩევნებზე, სადაც მოხერხდა ქუჩიდან და პოლარიზაციიდან პროცესების გადმოტანა პოლიტიკურ ჭრილში არჩევნების კუთხით. ასევე ერთმნიშვნელოვანია შეფასება, რომ ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული არჩევნები და რომ ის შორს იდგა დემოკრატიული სტანდარტებისგან.

სწორედ ამიტომ, მთავარი აქცენტი, რასაც შეერთებული შტატები გააკეთებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული მშენებლობის კუთხით, იქნება სწორედ საარჩევნო სისტემის შეცვლა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გამოყოფს დახმარების ძალიან დიდ პაკეტს, რომელიც მიმართული იქნება კონკრეტულად საარჩევნო გარემოს შეცვლისკენ. აქ იგულისხმება როგორც საარჩევნო სიები, ასევე მედია გარემოს შეცვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ასე რომ, ეს სწორედ ის მიმართულებაა, რაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ აიღო საქართველოსთან ურთიერთბაში, რაც რეალურად გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, დემოკრატიას და შეუქმნის საქართველოს სტაბილურ გარემოს.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეს ადგილობრივი არჩევნები არ იყო წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ?

ეს ნამდვილად იყო წინგადადგმული ნაბიჯი ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ რეალურად პროცესები ქუჩის პოლარიზაციიდან და დაპირისპირებიდან გადმოვიყვანეთ პოლიტიკურ პროცესში. ამასთანავე, იმ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც მონაწილეობა მივიღეთ ამ არჩევნებში დავინახეთ, თუ რა არის შესაცვლელი, რა მეთოდიკა გამოიყენა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ არჩევნების დროს, რათა ეს ხმები მოეპოვებინა უსამართლოდ და ასევე დავინახეთ თუ რა უსამართლო გარემოა შექმნილი საარჩევნოდ ამ ხელისუფლების მიერ.

რაც შეეხება ამერიკის ადმინისტრაციას, როგორც ავღნიშნე, აქცენტი გადმოტანილი იქნება ამ საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. ასევე შეხვედრები გაიმართა თეთრ სახლშიც ბატონ მაკფოლთან, სადაც ასევე შევეხეთ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს, შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტების გუშინდელ შეხვედრას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ პრეზიდენტმა ობამამ შეხვედრისას ძალიან ნათლად, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ასევე საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის ახალი საშუალებების დაწესების შესახებ, რაც თავისთავად მისასალმებელია და ამ კუთხით შეერთებული შტატების და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტას.

ობამა-მედვედევის შეხვედრაზე ასევე იყო საუბარი მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის შესახებაც. ამერიკის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას და დახმარებაც აღუთქვა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მთავარი ბარიერი რუსეთისთვის არის საქართველოს ვეტოს უფლება. თუ არის შესაძლებელი, რომ საქართველო წავიდეს დათმობაზე და მხარი დაუჭიროს რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას?

ყოველ კონკრეტულ ნაბიჯს უნდა მოყვეს შემხვედრი ნაბიჯი. და თუკი ამგვარი შესაძლებლობა დაინახა საქართველოს მთავრობამ, ბუნებრივია, უნდა წავიდნენ ესეთ ნაბიჯზე. თუმცა, ჯერჯერობით როგორ ჩანს, არ არსებობს არანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ამ ნაბიჯს, რაიმე საპასუხო ნაბიჯი მოყვება რუსეთის მხრიდან. თუმცა, ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების თემა.

არჩევნების შემდგომ გამოიკვეთა ტენდენციები, რომ ხელისუფლების მხრიდან არის გარკვეული მცდელობები მოხდეს ოპოზიციის ნაწილის მარგინალიზაცია. მხედველობაში მაქვს გერმანულ პრესაში გამოქვეყნებული სტატია, სადაც განოკვეთილი იყო მოსაზრება, რომ კრიმინალური ავტორიტეტები აფინანსებდნენ ოპოზიციის აქციებს. ასევე ბატონმა დავით გამყრელიძემაც გამოთქვა შეხედულება, რომ ოპოზიციის ნაწილი აპირებს რევანშს და შესაძლოა აჯანყებასაც კი. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე?

მე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი ფაქტები, რომ არსებობდეს ხელისუფლება არ დაიშურებდა არანიარ მცდელობას, რომ ეს სააშკარაოზე გამოეტანა. ერთს ვიტყვი, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოში გამოიკვეთა ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა და ამის შედეგად დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებები. ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩევნების შემდეგ საკუთარ პოლიტიკურ ძალისხმევას მივმართავთ ორი მიმართულებით: პირველი, საარჩევნო გარემოს შეცვლა, სადაც ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო - რაშც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვეთანხმებიან და მეორე, საკუთარი პოლიტიკური ინფასტრუქტურის შექმნა, საკუთარი პარტიის გაძლიერება, რაც მე დავისახე მიზნად.

შესაძლებელია თუ არა, რომ თქვენც სხვა ოპოზიციური ძალებთან ერთად, საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ, მოითხოვოთ ვადამდელი არჩევნები?

იცით, რომ საარჩევნო კალენდარი დადგენილია. ჩვენთის დღეს მთავარია, რომ შევცვალოთ საარჩევნო გარემო, რათა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ამიტომ კონცენტრირებული ვართ ამ მიზანზე. დამერწმუნეთ, ორი წელი ძალიან სწრაფად გავა.

XS
SM
MD
LG