ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვესაუბრება ზაზა ფაჩულია


ზაზა ფაჩულია

გადამწყვეტი 5 დღე დარჩა ხმა მივცეთ ზაზა ფაჩულიას, რომელსაც რეალური შანსი აქვს პირველად მისი კარიერის განმავლობაში "ენ-ბი-ეის" "ყველა ვარსკვლავის" თამაშში მიიღოს მონაწილეობა. როგორი განწყობა აქვს თავად ზაზა ფაჩულიას, რომლის გუნდსაც დალასის " მავერიქსს" საკმაოდ დატვირთული სეზონი აქვს. ზაზა ფაჩულია ვრცელ ინტერვიუს "ამერიკის ხმის"კორესპონდენტს თეა თუაშვილს მოგვიანებით შეპირდა, თუმცა რამდენიმე კითხვა მაინც მოვასწარით.

ზაზა ფაჩულია: თუ უყურებთ, მართლა ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს. თვითმფრინავში ვზივარ ახლა და ტელეფონი უკვე მალე გაითიშება რადგან თვითმფრინავი დაიძრა უკვე. დალასში მივფრინავ.

"ამერიკის ხმა": როგორ ხასიათზე ხარ?

ზაზა ფაჩულია: ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.

დალასის "მავერიქსის" ქართველი ფორვარდისთვის ზაზა ფაჩულიასთვის მეცამეტე სეზონი კარგად დაიწყო. კვირას, როდესაც მასთან ეს სატელეფონო საუბარი შედგა, შტატ მინესოტის "ტიმბერვულვთან " თამაშიდან ბრუნდებოდა სადაც "მავერიქსმა" ანგრიშით 93-ით 87 მოიგო. კარგ ხასიათზე ყოფნისთვის მეორე, მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობს, რომელიც შეიძლება ზაზა ფაჩულიასთვის და საქართველოსთვის ისტორიული აღმოჩნდეს. ეს არის "ენ-ბი-ეის" "ყველა ვარსკვლავის" ისტორიული შანსი, რომელიც წელს პირველად შტატების გარეთ კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს გაიმართება.

ხმის მიცემის წინასწარი შედეგებით, რომელიც ხუთი დღის წინ გამოქვეყნდა, დასავლეთ კონფერენციიდან ის პირველ ათეულშია და 194, 421 ხმით მერვე ადგილი უკავია.

ზაზა ფაჩულია: ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის პირველ რიგში მნიშნველოვანი და რაც მე მინდა, ჩემი მიზანი რაც არის, რომ ჩემს ქვეყანას მოვუტანო წარმატება "ოლ სტარში" თამაში, მართლაც საქართველოსთვის ძალიან მაგარი იქნება. რათქმაუნდა მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისაც.

მორიგი რეიტინგი "ენ-ბი-ეის" ვებ-გვერდზე 14 იანვარს გამოქვეყნდება. სწორედ მაშინ შევიტყობთ მსოფლიოში მცხოვრები გულშემატკივრები რამდენად ვაქტიურობთ ფეისბუქზე, გუგლის ვებ-საიტზე, ენ-ბი-ეის "ოლ სტარის" გვერდზე, ტვიტერზე, ინსტაგრამზე. ამერიკაში მცხოვრები იმიგრანტები რამდენად ხშირად ვაგზავნით ერთ-სიტყვიან შეტყობინებას "ფაჩულია" 696-22 ნომერზე. ხმის მიცემა კი საბოლოოდ 18 იანვარს ნიუ-იორკის დროით ღამის 11 საათსა და 59 წუთზე დასრულდება.

"ენ-ბი-ეის" წესების მიხედვით, "ყველა ვარსკვლავის" თამაშში 5 კალათბურთელი, მათგან 2 მცველი და 3 ფორვარდი ფანებმა უნდა აირჩიონ, შვიდს მწვრთვნელები ასახელებენ. სპორტული ჟურნალისტი კახა დგებუაძე ამბობს, რომ ხმის მიცემის წლევანდელ პროცესში ზაზა ფაჩულიას მოვლენა განსაკუთრებულია.

კახა დგებუაძე: ზაზას მოვლენა არის თვითონ გაუთვალისწინებელი. ნოვიცკი, რომელიც მისი გუნდელია, ზაზა მას თითქმის ასი ათასი ხმით უსწრებს. დღემდე ბევრი ასაწორად აძლევს ხმას ზაზას ფეისბუქზე. ზოგს ჰაშ-თაგი აკლია, ზოგს ერთად უწერია #NBAVOTE Zaza Pachulia. ბევრი ხმა ამიტომაც იკარგება. იმდენად დიდი აჟიოტაჟია აქაც და საქართველოშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოხვდება ფორვარდთა სამეულში. 7 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით, 40 ათას 900 ადამიანს დღეში ორჯერ, ერთხელ გუგლში და ერთხელ ფეისბუქზე რომ დაედო ზაზასთვის ხმის მიცემის პოსტი, ის დააგროვებდა 900 ათას ხმას ანუ გახდებოდა მილიონზე მეტი ხმა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ გრინი რომელიც მესამე ადგილზე იყო ბოლო 7 იანვრის მონაცემებით,ის დააგროვებს ზაზაზე მეტ ხმას, თუკი 40 ათასი ადამიანი დღეში ორჯერ მაინც დაუჭერს ზაზას მხარს.

ამერიკაში თებერვალი დატვირთული სპორტული სეზონია. იმართება ამერიკული ფეხბურთის მთავარი მოვლენა "სუპერბოულიც", თუმცა "ოლ სტარი" თავის მასშტაბურობით, მოთხოვნებით, კომერციული მნიშვნელობით ბევრად უფრო აზარტული და მომხიბლავი 5-დღიანი შოუა, სადაც თუკი კონკრეტული კალათბურთელის გვარი ერთხელ მაინც დაასახელეს, უნდა ჩათვალოს რომ კარიერა შედგა.

კახა დგებუაძე: რამდენჯერ იყავი "ოლ სტარში" ამით იზომება ამერიკაში კალათბურთელის კარიერა. შეიძლება 15 კაცში მოხვდე გუნდში მოიგო თამაში, ჩემპიონი გახდე და ნუ გერქვას რომ ჩემპიონი იყავი, მაგრამ ერთი წუთიც არ გქონდეს ნათამაშები. არავის არ ეცოდინება შენი სახელი შენიანების გარდა. მაგრამ "ოლ სტარში" თუ მოხვდი-ეს იმას ნიშნავს, რომ შენი კარიერა დაფასდა.

2004 წელს კახა დგებუაძე "ყველა ვარსკვლავის" ანუ "ოლ სტარის" თამაშს პირადად დაესწრო ლოს-ანჯელესში. ამბობს, რომ 14 თებერვალს ტორონტოში, "ეარ კანადის ცენტრში" დაგეგმილი შეხვედრისთვის ბილეთების ფასი 3000$ იწყება და ეს კი შარშან, ნიუ-იორკში გამართულ "ოლ სტარის" თამაშის ბილეთებზე უკვე 20%-ით ძვირია.

კახა დგებუაძე: შავ ბაზარზე ეს ფასი უფრო მეტზეც ადის. მე ამ გეიმს 2004 წელს დავესწარი. და ეს იყო პრაქტიკულად გამოფენა. ხალხი დიდი ხნით ადრე ემზადება ამ მოვლენისთვის. დიზაინერებს უკვეთავენ სპეციალურ სამოსს. ყოველდღე სხვადასხვა ტანსაცმელს იცვამენ, და ეა ხუთი დღე გრძელდება. თამაშის შემდეგ იმართება შოუები, პრომოუშენები. მარტო ჟურნალისტებისთვის, ცალკე პროგრამაა. დილით ვიკრიბებოდით, მივყავდით "ენ-ბი-ეის" ყოფილ მოთამაშეებთან, რომლებიც კალათბურთს გვეთამაშებოდნენ. სასწაული ხდება. მე როდესაც იქ ვიყავი, სამი ისეთი მოთამაშე ვნახე, რომლებიც მხოლოდ იმ წელს მოხვდნენ და მეტჯერ არა. და ეს სამივე ისეთი აჟიტირებული იყო ატმოსფეროთი, რომ არ იცოდნენ რა ექნათ. რონ არტესტი, მაგალითად, ყოველ თხუთმეტში სხვადასხვა ბოტასებით გამოდიოდა, რომ კონტრაქტი მიეღო რომელიმე კომპანიასთან.

დღეიდან, ზაზა ფაჩულიასთვის ხმის მიცემის გადამწყვეტი ბოლო ხუთი დღის ათვლა დაიწყო. დაასახელებს თუ არა წამყვანი 14 თებერვალს "ეარ კანადის ცენტრში" პირველად ქართულ გვარს "ყველა ვარსკვლავის" შემადგენლობაში და ქვეყანას, რომელსაც მართლაც ჰყავს მსოფლიო ვარსკვლავები, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

კომენტარების ნახვა (6)

XS
SM
MD
LG