ინტერვიუ დენიელ ფრიდთან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ფრიდმა 40 წელი იმუშავა. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე ის ნატოს გაფართოებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ხელმძღვანელობდა.
ამერიკელმა სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთზე სანქციების გამკაცრებას. სახელწმიფო დეპარტამენტში მუშაობისას თქვენ ამ საკითხს ზედამხედველობდით. როგორ აფასებთ სანქციების ამ ახალ ეტაპს?
მივესალმები სენატორების გადაწყვეტილებას რუსეთს პასუხი აგებინონ მათი აგრესიისთვის უკრაინაში, 2008 წლის აგრესიისთვის საქართველოში და შეერთებული შტატების არჩევნებისას კიბერ თავდასხმებისთვის. სენატორები ცდილობენ ამ მნიშნელოვან საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ და ეს არაჩვეულებრივი ფაქტია.
საერთო ინტერესების გათვალისწინებით რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებისთვის უნდა დავაჯილდოვოთ.
თქვენს ბოლო ესსეში საუბრობთ „თავისუფალ სამყაროს“ ცნებაზე. რას ნიშნავს თავისუფალი მსოფლიო დღეს?
ვფიქრობ, დღეს თავისუფალ სამყაროდ შეგვიძლია მოვიხსენიოთ ის ქვეყნები, რომლებსაც კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ღირებულებები აერთიანებთ. ამ ყველაფრის მიზანი კი მთლიანობაში სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევაა.
„თავისუფალი სამყაროს“ იდეა მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩნდა და გულისხმობდა ქვეყნებს, რომლებიც კომუნიზმის წინააღმდეგ იყვნენ გაერთიანებულნი. დღეს თუ არსებობს მსგავსი გამაერთიანებელი ფაქტორი, რასაც თავისუფალი სამყარო ეწინააღმდეგება?
დასავლურ დემოკრატიას შეუძლია გაუმკლავდეს იმ პოლიტიკურ სირთულეებს, რომლებსაც დიქტატურები თავს ვერ ართმევენ
თავისუფალი სამყაროს იდეების საპირისპიროდ არსებობს დიქტატურები და ავტოკრატიები, მათი მმართველობა არ ეფუძნება კანონებს და წესებს, არამედ მთლიანად ეყრდნობა ძალაუფლებას და ინტერესთა სფეროების გადანაწილებას. ამ მოცემულობაში საქართველო და მსგავსი ქვეყნები სხვა, უფრო დიდი ძალების თამაშის ნაწილად იქცევიან.
ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, გავლენების სფეროების აღიარებისას საქართველო ეკუთვნის სხვა, მასზე დიდ ძალაუფლებას და არა საკუთარ ხალხს.
მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ თავისუფალ სამყაროში ქვეყნის სუვერენიტეტი საბოლოო მიზანი არ არის.
თქვენს ნაშრომებში საუბრობთ ამერიკის დიად სტრატეგიაზე, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივ პრობლემებს, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის ხედვას მოიცავს. თქვენი აზრით, ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ დაივიწყა ეს სტრატეგია?
გააჩნია ამ კითხვას ვის დაუსვამთ. თუ თავდაცვის მდივანს ან სახელმწიფო მდივანს ჰკითხავთ, მათ აქვთ მზა პასუხები. ვერ ვისაუბრებ ადმინისტრაციის ბევრი წევრის ნაცვლად. ძალიან ხშირად არ მესმის ტრამპის ადმინისტრაციის.
ჩემი აზრით შეერთებული შტატების სიძლიერე მის სტრატეგიაშია, რომლის მიხედვითაც ის მსოფლიო პოლიტიკაში ჩართულია და როცა ძალაუფლებას ღირებულებები მართავს.
როგორ თავსდება პრეზიდენტ ტრამპის ლოზუნგი “ამერიკა უპირველ ყოვლისა” იმ “დიად სტრატეგიასთან”, რომელზეც თქვენ საუბრობთ?
მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5 პროცენტზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა
ეს ლოზუნგი დიდად არ მომწონს. როგორც დიპლომატი, რა თქმა უნდა, ყოველთვის პირველ ადგილას ვაყენებ ჩემი ქვეყნის ინტერესებს. მაგრამ ამერიკის ინტერესები ყველაზე უკეთ მაშინაა დაცული, როცა სხვა ქვეყნებიც კარგად არიან.
ამერიკა წინ ვერ წავა თუ სხვა ქვეყნები წინ არ მიდიან. ევროპის წარმატება, ამერიკის წარმატებაა. ჩვენს სიძლიერეს, ჩვენი მოკავშირეების სიძლიერე განაპირობებს.
შეერთებულ შტატებში დრამატული არჩევნების, ევროპაში “ბრექსიტის” და მიგრანტთა კრიზისის ფონზე, ვისში, რომელ სახელმწიფოში ხედავთ ლიდერობის უნარს, რომლის აუცილებლობაზეც წერთ თქვენს ნაშრომებში?
ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის, ეს მტკივნეული საკითხია. ჩვენი პოლიტიკა გვყოფს და ჩაკეტილებს გვხდის. მაგრამ მჯერა, რომ დასავლეთს თვითაღდგენის, თვითმკურნალობის უნარი აქვს, დასავლურ დემოკრატიას შეუძლია გაუმკლავდეს იმ პოლიტიკურ სირთულეებს, რომლებსაც დიქტატურები თავს ვერ ართმევენ.
რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა თავისუფალი სამყაროს წესებს უნდა ეფუძნებოდეს. რას ნიშნავს ეს საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის?
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოშობილ ქვეყნებს, რომლებმაც ძლიერი დემოკრატიული და ეკონომიკური ინსტიტუტების მშენებლობა დაიწყო აქვთ ყველა უფლება თავად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის ბედი. მათი უფლებაა იყვნენ ტრანსატლანტიკური საზოგადოების და საერთაშორისო ინსტიტუტების ნაწილი.
ამ პროგრესს ცივი ომის დასრულებიდან თითქმის 20 წელი დასჭირდა, თქვენ ქართველები იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში.
საქართველოს შემთხვევაში ეს მიზანი ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის. თქვენ იმსახურებთ თქვენს ადგილს ევროპაში იმის მიხედვით, რასაც თქვენვე გააკეთებთ და ამას არ წყვეტს მოსკოვი.
მესმის რომ ქართველები შეიძლება იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორია ყოველთვის მარტივად არ ვითარდება, და საქართველოს ჯერი აუცილებლად მოვა.
თქვენ ეწინააღმდეგებით გავლენათა სფეროების ცნებას და ამბობთ, რომ ქვეყნები თვითონ უნდა წყვეტდნენ საკუთარ მომავალს. ასევე ამბობთ, რომ ამერიკა უფრო ძლიერია ამ სფეროების გარეშე. თუმცა 2008 წელს საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარის თქმა, ბევრისთვის სწორედ იმის ნიშანი იყო, რომ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში რჩება.
სამართლიანი კითხვაა. 1989 წლის შემდეგ ჩვენ დაახლოებით 20 წელი დაგვჭირდა პოლონეთის და ბალტიისპირეთის სრული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. საქართველოზე ჩვენ, დასავლეთს, ერთიანი პოზიცია არ გვქონდა და იმავე წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ვერ გავერთიანდით ნატოს წევრობის საკითხზე და შემდეგ იყო ომი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროდ ვაღიარებთ.
ამ ომით საქართველოს ისტორია არ დასრულებულა, მისთვის კარები არ დახურულა.
რუსეთის პოლიტიკას თქვენ კოროზიულს, მომწამვლელს უწოდებთ. გაშფოთებთ რეგიონში მისი გავლენის ზრდა?
მე მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მისი შავი ფული, მისი მცდელობები გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნების არჩევნებზე. ამის მაგალითები გვქონდა შეერთებულ შტატებში და საფრანგეთში. რა თქმა უნდა მაშფოთებს რუსეთის გავლენა, მაგრამ ძალიან ხშირად რუსეთი მიზანს ვერ აღწევს, რუსეთს უნდოდა საქართველოს დემოკრატიზება შეეჩერებინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. შეცდომაა იმის დაშვება, რომ რუსეთი მიზანს მიაღწევს, მხოლოდ იმიტომ რომ ის ტოტალიტარული სახელმწიფოა, ჩვენ კი დემოკრატიული.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს აქვს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, თუმცა ასევე მზარდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამბობს, რომ ნატოში ან ევროპის კავშირში გაწევრიანება მათ სიცოცხლეში არ მოხდება. ხომ არ იქონიებს ეს გავლენას ქვეყნის კურსის ცვლილებაზე?
მესმის ქართველების იმედგაცრუების. საქართველოს თავს დაესხა მასზე ბევრად დიდი და ძლიერი მეზობელი, ტერიტორიები ოკუპირებულია, ხალხი დევნილობაში. ეს ყველაფერი იმედგაცრუებას იწვევს. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ დასავლეთს საქართველო არ სჭირდება, რომ დასავლეთი საქართველოს არასდროს მიიღებს. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით მთავარია რა სურს საქართველოს. მთავარია რა სურთ ქართველებს და არა ის თუ რა უნდა რუსეთს საქართველოსთვის.
მე ამერიკელი ვარ, ეს ნიშნავს, რომ ოპტიმისტი ვარ. საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩავედი, მაშინ რომ ქართველებისთვის გვეკითხა როდის გახდება საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ 5 პროცენტზე ნაკლები თუ იფიქრებდა, რომ ეს მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა. მაგრამ ეს მოხდა. ცვლილებები იმაზე მალე ხდება, ვიდრე ხშრად წარმოგვიდგენია.
Facebook Forum