ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაცენიუკი: მთავრობა კორუფციას ებრძვის


კიევში, ამერიკის ხმის უკრაინულმა რედაქციამ ინტერვიუ უკრაინის პრემიერ მინისტრ არსენი იაცენიუკთან ჩაწერა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ნაწყვეტებს. ინტერვიუს მიროსლავა ღონღაძე უძღვება.

ამერიკის ხმა: როგორ შეაფასებთ პარიზში მომხდარ მოვლენებს? ასევე, რას გვეტყვით უკრაინის ურთიერთობებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან?

არსენი იაცენიუკი: “ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ტერორიზმი. ეს ცნება ასევე კარგად ესმით შეერთებულ შტატებშიც. რუსეთის ხელმძღავანელობით მიმდინარე აგრესიას და ტერორისტულ ზრახვებს ათასობით უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ მსოფლიო ძალიან შეიცვალა და დღეს ახალ სამყაროში ვცხოვრობთ ტერორის, შიშის, მუქარისა და აგრესიის თანხლებით. ეს უდიდესი გამოწვევაა თავისუფალი მსოფლიოსთვის. ერთადერთი პასუხი არის გაერთიანება და შიშის დაძლევა, რადგან მთავარი თავად შიშია. პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის სიტყვები რომ გავიხსენოთ მთავარია შიშის გადალახვა და ბრძოლა, შემდეგ კი ამ ომის მოგება ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის ერთერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე და მხარდამჭერია. ჩვენ მივესალმებით ამერიკის კონგრესის, სენატისა და ადმინისტრაციის იმ დახმარებას, რომელსაც ისინი გვიწევენ რუსეთის მიერ მართული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დიდი ინტერესია შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, ეს მართლაც ისტორიული ვიზიტი იქნება და ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთად ჩვენ წარმატებული უკრაინის მაგალითს მივცემთ დასაბამს.

ამერიკის ხმა: როგორ ფიქრობთ, აშშ საკმარისად გეხმარებათ? შეასრულა ვაშინგტონმა საკუთარი მოვალეობა, რომელიც ბუდაპეშტის მემორანდუმით ჰქონდა დაკისრებული? სხვა სიტყვებით, თქვენს მთავრობას აკმაყოფილებს ამერიკის დახმარება?

არსენი იაცენიუკი: ბუდაპეშტის მემორანდუმი ძალიან სახელმოხვეჭილი ამბავი და გარიგებაა. ჩვენ დავთმეთ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი და რა მივიღეთ სანაცვლოდ? ყირიმის უკანონო ანექსია, რუსი ჯარების შეჭრა დონეცკსა და ლუგანსკში და რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ომი, რუსეთისა, რომელიც ამ მემორანდუმის ერთერთი ხელმომწერი იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მეტი გვესაჭიროება. მე ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენე. უკრაინას თავდაცვითი იარაღი ესაჭიროება, ეს არ იქნება შემტევითი, ლეტალური იარაღი. ახლა ჩვენ არამარტო უკრაინის საზღვრებს ვიცავთ, არამედ ჩვენ ევროპელ მოკავშირეებს, ნატოს მოკავშირეებს ვიცავთ. ამდენად, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა უკრაინელი სამხედროებისა და ეროვნული გვარდიისთვის, თავდაცვითი იარაღი და ძლიერი ფინანსური დახმარება არის ის, რაც გვჭირდება. კიდევ ერთხელ, ძალიან ვაფასებთ აქამდე უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ დახმარებას.

ამერიკის ხმა: აშშ-სა, და მათ შორის ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს არაერთხელ უხსენებია უკრაინის კორუფციის თემა, მათი თქმით უკრაინა საკმარისად არ ცდილობს ამ პრობლემის დამარცხებას. როგორ ახსნით კორუფციასთან ბრძოლის ნელ ტემპს?

არსენი იაცენიუკი: ნება მომეცით მხოლოდ ფაქტებით გესაუბროთ: ჩვენ დავასრულეთ კორუფცია გაზისა და ნავთობის სფეროში, და ბოლო მოვუღეთ პრივატიზაციის კორუმპირებულ, დამახინჯებულ პროცესს, ფაქტია ისიც, რომ ოლიგარქები და მდიდარი ბიზნესმენები უკრაინის მთავრობას ვეღარ კარნახობენ მოქმედებებს, ფაქტია ისიც, რომ უკრაინაში წვრილი კორუფცია ჯერაც არსებობს და სწორედ ამისთვის შევქმენით ნაციონალური ანტი-კორუფციული ბიურო, დავაარსეთ სახელმწიფო საგამოძიებო უწყება და ამ პროცესში დიდ დახმარებას გვიწევს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს პროცესია და მთავრობას გადაწყვეტილი აქვს კორუფციას ბოლომდე ებრძოლოს.

XS
SM
MD
LG