ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ შუა აზიის საკითხების ექსპერტთან ბატონ სკოტ ჰორტონთან


ინტერვიუ შუა აზიის საკითხების ექსპერტთან ბატონ სკოტ ჰორტონთან
ინტერვიუ შუა აზიის საკითხების ექსპერტთან ბატონ სკოტ ჰორტონთან

ამერიკელი ექსპერტი ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონში მომხდარი ეთნიკური ძალადობის მიზეზებზე საუბრობს.

ამერიკის ხმის აზერბაიჯანულმა რედაქციამ ინტერვიუ ჩამოართვა ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ასკარ აკაიევის მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში, კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორსა და ადამიანის უფლებების დამცველს, ბატონ სკოტ ჰორტონს, რომელმაც ყირგიზეთში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილა.

კითხვაზე თუ რა აზრის არის იგი ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ წამოწყებული გამოძიების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია სამხრეთ რეგიონებში მომხდარი ეთნიკური ძალადობის მიზეზების დადგენა, ბატონმა ჰორტონმა ასეთი პასუხი გასცა:

„ჩემი აზრით, ბოლო ორი კვირის მანძილზე თვითმხილვეთა მონაყოლებში ისევე როგორც დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ანგარიშებში უკვე გამოაშკარავდა გარკვეული ფაქტები. მაგალითად, ის, რომ ძალადობა სპონტანური როდი იყო. აშკარაა, რომ ამ დარბევებისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდნენ და მათ გულმოდგინედ გეგმავდნენ. მეორე, აშკარაა ისიც, რომ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი მაღალჩინოსანი დარბევებში მონაწილეობდა და მოთარეშე დაჯგუფებებს დახმარებას უწევდა. ეს მხარე იყენებდა სამხედრო აღჭურვილობას, ქვეითთა დაჯავშნული მანქანების ჩათვლით. ამას გარდა აღსანიშნავია ისიც, რომ დარბევებში მონაწილე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები მტრულად იყვნენ განწყობილნი ახალი ანუ დროებითი მთავრობის მიმართ. როგორც ჩანს, ისინი არიან ის პირები, რომლებსაც წარსულში საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდათ გადაყენებულ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტთან ბაკიევთან. ეს კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თვითმხილველებმა ისინი არეულობის დროს ამოიცნეს. ხოლო ფარულად ჩაწერილმა სატელეფონო საუბრების ნაწილმა ცხადყო, რომ არეულობის დაგეგმაში აქტიურად მონაწილეობდა ბაკიევის ავადსახსენებლი შვილი მაქსიმ ბაკიევი, რომელიც ბრიტანეთში დააკავეს, და მისი უმცროსი ძმა ჯანიში. ამ საუბრების დროს ისინი ფაქტობრივად ლაპარაკობდნენ იმ მოსამზადებელ საქმიანობაზე, რომელიც წინ უძღვოდა ქალაქებში არეულობას, რაც, მათი მხრიდან, ხალხს ახალი მთავრობის სისუსტეს დაანახებდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სატელეფონო საუბრები ქალაქ ოშში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე მოხდა. ამდენად მოვლენების ყველაზე დამაჯერებლი სცენარი, რომელიც ამჟამად წარმოიქმნა, ეს გახლავთ ის, რომ ბაკიევის კლანმა ეგრეთწოდებული ‘მილოშევიჩის სტრატეგია’ გამოიყენა, რაც უზბეკებსა და ყირგიზებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივების მეოხებით მთავრობის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად.“

სკოტ ჰორტონის აზრით, რომ რაც შეეხება სამხრეთში მომხდარი ძალადობის მიზეზების ანალიზს, თვითმხილველთა, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ჰიუმან რაითს ვოტჩისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის დაკვირვებები ძირითადად ემთხვევა ყირგიზეთის დროებითი მთავრობის შეფასებებს.

ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ყირგიზეთის სამხრეთ და ჩრდილოეთ რეგიონებს შორის არსებულმა ეკონომიკურმა უთანასწორობამ, რომელსაც ემატება ის გარემოებაც, რომ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის თვალსაზრისით სამხრეთ რეგიონებში უზბეკების რიცხვი მნიშვნელოვანია, თავისი წვლილი შეიტანა ყირგიზულ-უზბეკურ კონფლიქტში. აი რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ჰორტონი:

„საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ როცა 2005 წელს ყირგიზეთში პირველი რევოლუცია მოხდა. ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რომ ქვეყნის სამხრეთი ეკონომიკურად ძალზედ ჩამორჩენილი იყო და რომ იქ სიღარიბე სუფევდა. ხოლო ჩრდილოეთი აყვავებული იყო. მე ვფიქრობ, რომ მაშინ ეს დაკვირვება სიმართლეს შეესაბამებოდა. ამდენად ბაკიევის მმართველობის განმავლობაში ანუ გასული ხუთი წლის მანძილზე ჩვენ მოწმეები გავხდით იმისა, რომ ქვეყნის სამხრეთ და ჩრდილოეთ რეგიონებს შორის ეკონომიკური განვითარების დონე საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. ანუ ბაკიევი, როგორც სამხრეთელი, მაქსიმალურად ცდილობდა ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას სამხრეთში და ეკონომიკური მდგომარეობა იქ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რასაკვირველია ამის გამო ქვეყნის ჩრდილოეთში ბაკიევს ვერ იტანდნენ. მისი მმართველობის მიწურულს იგი მაინც ინარჩუნებდა გარკვეულ პოპულარობას სამხრეთში, განსაკუთრებით ჯალალაბადის პროვინციაში საიდანაც მისი კლანია წარმოშობით. ამდენად არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ძალადობა გაჩაღდა სწორედ ინ რაიონებში, სადაც ბაკიევის პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვანი იყო.“

ინტერვიუს დასასრულს ჰორტონმა ამგვარად დაახასიათა ყირგიზეთის სამხრეთში ამჟამად შექმნილი მდგომარეობა:

„მართალია ლტოლვილების დიდი ნაწილი საკუთარ საცხვორებელ ადგილებს დაუბრუნდა, მაგრამ მათი სახლების უმრავლესობა გადამწვარია. დაახლოებით 400,000 ადამიანი უსახლკაროდ აღმოჩნდა. მაგალითად, ოშის შემოგარენში განლაგებული ზოგიერთი უბანი ფერფლად იქცა. ხალხი დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს და რასაკვირველია იქ აშკარად იგრძნობა მღელვარებისა და დაძაბულობის მაღალი დონე.“



XS
SM
MD
LG