ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში


კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში
კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ანგარიში

2008 წელს სამხრეთ ოსეთის გამო დაწყებული ომიდან მესამე წლისთავზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების საჭიროებაა, რამაც პოზიტიური ძვრები უნდა შეიტანოს ჯერ კიდევ არასტაბილურ გარემოში.

„საქართველო-რუსეთი: მეზობლებად ცხოვრების სწავლა“- ამ სათაურით კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. ბრიფინგ დოკუმენტში შეფასებულია მიმდინარე დაძაბულობა და რეკომენდირებულია რომ ორმა მხარემ პირდაპირი დაილოგი დაიწყოს და ტერორიზმში მონაწილეობის ურთიერთბრალდებების დეესკალაცია მოახდინოს. იმ დროს როცა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია, მხარეებს შორის არაერთი საზიარო ინტერესი რჩება.

კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი ლორენს შითსი ამბობს, რომ საქართველოს და რუსეთს უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაუმჯობესებაში საერთო ინტერესი აქვთ. „ისინი უნდა შეთანხმდნენ და დაიწყონ დისკუსია წინაპირობების გარეშე ამ და სხვა საკითხების შესახებ“, - ამბობს ის.

2008 წლის აგვისტოში, იტყობინება კრიზისების ჯგუფი, საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებული დაძაბულობა შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. ამ დოკუმენტის საკვანძო ელემენტები, ისეთები როგორიცაა რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლა ომამდე დაკავებულ პოზიციებზე არ არის შესრულებული. მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და ათასობით სამხედროს ინარჩუნებს ამ ტერიტორიებზე. მოსკოვი ამასთან დიდ სამხედრო ბაზებს აგებს თითოეულ მათგანში და არაფერს აკეთებს ადგილნაცვალი ადამიანების შინ დაბრუნების პროცესის ხელშესაწყობად. საერთაშორისო თანამეგობრობამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთს 2008 წელს აღთქმული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვოს, წერს კრიზისების ჯგუფი და აგრძელებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად შემდგარი ჟენევის მოლაპარაკებები მხოლოდ უმნიშვნელო წარმატებაა მხარეების დასაახლოვებლად და ინციდენტებზე რეაგირების მიზნით აზრთა გაცვლას ისახავს მიზნით.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფში ფიქრობენ, რომ მიუხედავად არსებული უნდობლობისა, არის დიალოგის მცდელობის პოზიტიური მაგალითები, რაც რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკებებში გამოიხატება შვეიცარიის შუამდგომლობით და მოიცავს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს და ენერგო შეთანხმებებს.

კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის ევროპის პროგრამების დირექტორი ქალბატონი საბინ ფრეიზერი დასძენს, რომ ამჟამად რუსული და ქართული მედია ურთიერთობების უარყოფით მხარეებზეა კონცენტრირებული, თუმცა მყიფე გარემოში სტაბილობის აღსადგენად ორ ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რაც თავისთავად უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საზიარო გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება მათ.

XS
SM
MD
LG