ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


ღონისძიება ნიუ-იორკში, 18 მაისი, 2018
ღონისძიება ნიუ-იორკში, 18 მაისი, 2018

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება საქართველოს დიპლომატიურმა უწყებამ ნიუ-იორკის მუზეუმში მიღებით აღნიშნა. უცხოელ სტუმრებს და იმიგრანტებს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ნიუ-იორკში დიანა ჟღენტმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე საბამ მიმართეს. საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყობა გაეროშიც, სადაც შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება. თეა თუაშვილი მოგვითხრობს ნიუ-იორკიდან.

უცხოელი დიპლომატები, ექსპერტები, ქართველი იმიგრანტები, წარმატებული ადამიანები - პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ნიუ-იორკის მუზეუმში 18 მაისს შეიკრიბნენ. სტუმრებს ისტორიული დღე ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ მიულოცეს.

დიანა ჟღენტი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ 100 წლის წინ, საქართველო გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქალთა უფლებების დაცვა უკვე ძალიან აქტიურად მიმდინარეობდა, რამაც საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ 1919 წელს ქალებს ხმის უფლება ჰქონოდათ და დამფუძნებელი კრების არჩევნებში ყოფილიყვნენ არჩეულები. დემოკრატიულ ღირებულებებზე, წინსვალზე დაფუძნებულ სახელმწიფოს არ დასცალდა და შემოიჭრა რუსეთის არმია. მნიშვნელოვანია დღევანდელი თარიღის დიასპორასთან აღნიშვნა.

ხათუნა თოთლაძის თქმით: "ჩვენ ვაფასებთ იმ ღირებულებებს, რომელსაც 100 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ეს ღირებულებები დღემდე უცვლელია. დღემდე, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავამართლოთ ის ჩანაფიქრები, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ 100 წლისთავს გაცილებით უფრო სხვა ფორმით იზეიმებს ჩვენი შთამომავლობა.

ჩრდილოეთ ამერიკის და კანადის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე საბამ პატრიარქის, ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას სიტყვები და ღვაწლი გაიხსენა. ამ ისტორიული 100 წლის შემდეგაც კი, მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის სრულყოფილ თავისუფლებას და განვითარებას აფერხებს, რუსეთია.

მეუფე საბა: ამბროსი ხელაიას ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ისიც, რომ ჩვენ გვქონდეს თავისუფლება იმისთვის, რომ ჩვენს ღირებულებებზე ავაშენოთ ჩვენი თავისუფალი ქვეყანა და ასე წავიდეთ წინ. ძნელია, ჩრდილოეთ მეზობელთან ასეთ დიდ ქვეყანასთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ არც ის არის კარგი, რომ ჩვენ ვეხვეწოთ მას და ჩვენი ინტერესები დავთმოთ. მე ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი წინაპრების უპატივცემულობა და იმ ადამიანების არდაფასება, ვინც სისხლი დაღვარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. ბოლოს ეს იყო გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სისხლი, რომელიც მოწამოებრივად დაიღვარა, და საქართველოს დამოუკიდებლობას და განვითარებას შეეწირა.

პატარა ქვეყნის ამ და სხვა ისტორიულ მოვლენებს ხშირად ქართველი იმიგრანტები ამერიკაში ერთადერთი ქართულენოვანი გამოცემის "მამულის" მეშვეობით ეცნობიან. როგორ ფიქრობს, რამდენად კარგად იცნობენ თავად ამერიკელები საქართველოს, "მამულის" რედაქტორს, მანუჩარ კაჭახიძეს ვკითხეთ.

მანუჩარ კაჭახიძე: როდესაც 70 წლის გახდა ისრაელის სახელმწიფო, ამ დროს 30 წლით ადრე, გვქონდა ქართველებს რესპუბლიკა, პირველი რესპუბლიკა, მე მირჩევნია ასეთი რაღაცეები წამოვწიოთ წინ, ის, თუ ჯერ კიდევ პატარა რესპუბლიკამ, რა მისცა მსოფლიოს: ბალანჩინი, პირველი ქართველი დიპლომატი, ელჩი იტალიაში პრინცი მაჩაბელი, რომელიც შემდეგ ჩამოვიდა ამერიკაში და პარფიუმერული ბიზნესი დაიწყო. რა პოტენციალიც გვაქვს ჩვენ, იმ პოტენციალის 5 % -იც არ გვაქვს გამოყენებული.

კარგად გაკეთებული ქართული საქმე ამერიკაში შეუმჩნეველი არც ამერიკელებს რჩებათ. ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესი ქართული რესტორნებია. ასეთ ობიექტებს კულტურათა გაცვლის და ტურისტების მიზიდვის მნიშვნელობაც აქვს. მანჰეტენის ისტორიულ და ბოჰემურ უბანში 5 წლის წინ გახსნილ "ოდაზე" ნიუ-იორკში გამოცემულ თითქმის ყველა გაზეთში და ჟურნალში დაიწერა, აჩვენეს სხვადახვა არხის სატელევიზიო შოუებშიც.

მაია დვალაძე ამბობს, რომ: " მე, რაც შემიძლია ვაკეთებ საქართველოსთვის, ქართველების გვერდზე ვარ და ძალიან ბედნიერი იმით, რომ მე შემეძლო ჩემი ქვეყანა გამეცნო ამერიკისთვის, მსოფლიოსთვის. ეს არის მსოფლიოს ჭიპი, ვინ ვართ ქართველები ამ ქვეყნისთვის-ეს ერთი მუჭა ხალხი."

რა სურვილები აქვთ ამერიკელ ექსპერტებს და დიპლომატებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ერთერთია ლინკოლნ მიტჩელი, პოლიტიკური ექსპერტი, რომელიც გვეუბნება: " თითქმის 6 წელია უკვე, რაც "ქართული ოცნების" კოალიციამ არჩვენები მოიგო და მაინც, საქართველოს კვლავ სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი, ვიდრე ნამდვილი მრავალპარტიული დემოკრატიული ქვეყანა გახდება. ეს არის საბოლოო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს. "

ლადისლავა ბეგეჩი-გაეროში, სლოვაკეთის გენერალური კონსული: "სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართვეოლოს სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ. ქვეყანაში წარმატებულად ვითარდება დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები და გისურვებთ მალე აგსრულებოდეთ თქვენი ოცნება."

საიუბილეო დღეები ნიუ-იორკში გრძელდება. მომავალ კვირას, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაეროს ეგიდით გაეროს შტაბ-ბინაში შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართება. შოთა რუსთაველის გამოსახულებიან მარკაზე არსებულ საქართველოს რუქაზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სრულყოფილად არის ნაჩვენები. საიუბილეო მარკები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიყიდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG