ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში ნეთანიაჰუს ოპონენტებმა კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას მიაღწიეს


ისრაელში, განსხვავებული იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ 12 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებას დაატოვებინებენ.

შუაღამის ვადის ამოწურვამდე ერთი საათით ადრე, იაირ ლაპიდმა, პარტია “ეშ ატიდის“ ლიდერმა განაცხადა, რომ მან 120 წევრიანი ქნესეთის უმრავლეობის მხარდაჭერა მოიპოვა.

ლაპიდის კოალიციას მხარი დაუჭირა ნაფტალი ბენეტმაც, რომელიც მკაცრი ნაციონალისტური იდეოლოგიის პარტიას, „იამინას“ ლიდერია.

მათ შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ნაფტალი ბენეტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2 წლის განმავლობაში დაიკავებს, შემდეგ კი მას ლაპიდი შეცვლის.

მაგრამ, ლაპიდის მყიფე რვა პარტიით შექმნილ კოალიციას, ქნესეთში სუსტი უმრავლესობა აქვს.

გუშინ ღამით ბენეტ-ლაპიდის კოალიციას არაბული პარტიაც შეუერთდა. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქვეყნის არაბული უმცირესობის პარტია მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ბენეტის მთავრობას, სააგენტო “AFP”-ის მიხედვით, ისრაელის არაბული მოსახლეობის წარმომადგენლები სხვა პარტიები, მხარს არ უჭერენ.

”არაბული პარტია პირველად მონაწილეობს მთავრობის ფორმირების პროცესში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ ის იმუშავებს და... მთავრობა ჩამოყალიბდება”- აცხადებს არაბული პარტიის ლიდერი, მანსურ აბასი ადგილობრივი მედიის ცნობით.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, მერავ მაიკლი, რომლის პარტია ლაპიდის კოალიციის წევრია იმედს გამოთქვამს, რომ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მათი გაერთიანება, კოალიციის პარტიებს შორის საერთო ენის გამონახვას მეტ სტიმულს მისცემს.

„ბოლო კამპანიის და ასევე ბოლო ორი თვის განმავლობაში მუდამ ვამბობდი და კვლავ ვიტყვი, ლეიბორისტული პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელიც ნეთანიაჰუს რეჟიმს შეცვლის. იყო ძალიან არასასიამოვნო დღეები, მაგრამ დღეს ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენ შევქმენით ისტორია, შევასრულეთ ჩვენ მიერ დადებული პირობა“ - განაცხადა ლეიბორისული პარტიის ლიდერმა.

პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა, ლაპიდ კოალიციის ფორმირების შესაძლებნლობა მას შემდეგ მისცა, რაც ეს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ მოახერხა.

ახლა ჯერი ქნესეთზეა - ახლადფორმირებულ მთავრობას მხარი მან უნდა დაუჭიროს. ამ პროცედურის დამტკიცება მხოლოდ პლენარულს სხდომაზეა შესაძლებელი. მორიგი სხდომა ორშაბათს გაიმართება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ისრაელში 4 არჩევნები გაიმართა.

2019 წელს გამართული ორი არჩევნების შედეგად, ნეთანიაჰუმ კოალიციის ფორმირება ვერ შეძლო, მაგრამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩა. ერთი წლის წინ, მის მიერ შექმნილი კოალიციური მთავრობა დაიშალა, რადგან პარლამენტმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო.

71 წლის ნეთანიაჰუ პრემიერ მინისტრის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს. მანამდე, იმავე თანამდებობას სამი წლის განმავლობაი, 90-იან წლებშიც იკავებდა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლოს კოდექსით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG