ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საემიგრაციო რეფორმის კომპრომისული ვარიანტი


რამდენიმე წლიანი უმოქმედობის შემდეგ შეერთებული შტატების კონგრესში საემიგრაციო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით პროგრესი შეინიშნება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

დემოკრატი და რესპუბლიკელი ლიდერები აცხადებენ, რომ იმიგრაციის რეფორმის დაყოვნება აღარ შეიძლება. წინასწარი ინფორმაციით, კონგრესში რეფორმის კანონპროექტი რამდენიმე დღეში შევა განსახილველად.

რამდენიმე წლის მანძილზე შეერთებული შტატების კონგრესი საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ აღწევს. თუმცა ორპარტიული სამუშაო ჯგუფის განცხადებით, კომპრომისული ვარიანტი შეიძლება უკვე მალე იქნას განხილული. დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენდეზმა ამის შესახებ ტელეკომპანია ABC-ს ეთერში განაცხადა.

„მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული. ვფიქრობ რომ დადებითი განწყობა არსებობს. დღეს უკვე ისეთი თემები განიხილება, რომლებიც ცოტა ხნის წინ განხილვის თემა არ იყო.“

მენდეზი დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც საემიგრაციო რეფორმის პროექტზე მუშაობს. ჯგუფი რეფორმის ისეთი ფორმით შემუშავებას ცდილობს, რომელიც კონგრესის ორივე პალატასა და ორივე პარტიის შიგნით დიდი წინააღმდეგობის გარეშე გაივლის. კანონმდებლები აცხადებენ, რომ კანონპროექტი კანონიერ სტატუსს მიანიჭებს მილიონობით არალეგალ ემიგრანტს და ამასთან ერთად, გააძლიერებს ამერიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომებს.

ჯგუფის კიდევ ერთი წევრი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკეინი აცხადებს, რომ ინიციატივები, რომლებსაც ახალი კანონი წარმოადგენს ახალი არ არის. თუმცა, მისი აზრით, პოლიტიკური კლიმატი ახლა მომზადებულია იმისთვის, რომ კანონპროექტი განიხილოს და შესძლოა დამტკიცდეს.

„ეს კანონპროექტი ძალიან არ განსხვავდება 2007 წელს განხილული პროექტისგან. გულახდილად რომ ვთქვა, ერთი ის შეიცვალა, რომ პოლიტიკური სპექტრის ორევე მხარეს, განსაკუთრებით კი რესპუბლიკურ პარტიაში, გაჩნდა იმის სურვილი, რომ მივიღოთ ყოვლისმომცველი საემიგრაციო რეფორმის კანონი.“

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რესპუბლიკურ პარტიაში საემიგრაციო რეფორმის წინააღმდეგ ოპოზიცია შერბილდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ლათინური წარმოშობის ამერიკელების ორ მესამედზე მეტმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ხმა ობამას მისცა. რესპუბლიკური პარტიის არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას გაუჭირდება არჩევნებში გამარჯვების მოპოვება იმ შემთხვევაში თუ ლათინური წარმოშობის ამერიკელების და სხვა უმცირესობების მხარდაჭერა არ მოიპოვა.
დაპირისპირების საგანად კი კვლავ რჩება რეფორმის ერთი ნაწილი - მიეცეს თუ არა ლეგალური სტატუსი და მოქალაქეობის შესაძლებლობა იმ ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკაში არაკანონიერად შემოვიდნენ ან კანონიერად შემოვიდნენ და კანონიერი ვადები დაარღვიეს ქვეყნის დასატოვებლად.
სენატორი მენდეზის თქმით, მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ.

ამ ეტაპზე რესპუბლიკელი კანონმდებლები უარს აცხადებენ არალეგალი იმიგრანტებისთვის მოქალაქეობის მისაღებად შესაძლებლობის მიცემაზე. მაგრამ სენატორი მაკეინი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სტატუს ქვო მიუღებელია.

„სამუდამოდ ვერ შევძლებთ თვალი დავხუჭოთ 11 მილიონ ადამიანზე, რომლებიც ჩრდილოვან ეკონომიკაში და არალეგალური სტატუსით ცხოვრობენ ამერიკაში. სამუდამოდ ვერ დავხუჭავთ თვალს იმ არალეგალ იმიგრანტებზე, რომლებიც მშობლებმა ამერიკაში ბავშვობაში ჩამოიყვანეს და ახლა არჩევანის გარეშე ჩრდილში ცხოვრობენ. მგონია, რომ რეფორმისთვის ახლა შესატყვისი დროა.“

პრეზიდენტი ობამა, თავის მხრივ, აქტიურად ცდილობს სამოქალაქო მხარდაჭერის მოპოვებას საემიგრაციო რეფორმის განსახორციელებლად.
XS
SM
MD
LG