ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ენტონი ბლინკენი ბუჩაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება


ენტონი ბლინკენი უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე გამართულ სამიტზე ბრიუსელში. 24 მარტი, 2022 წ.
ენტონი ბლინკენი უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე გამართულ სამიტზე ბრიუსელში. 24 მარტი, 2022 წ.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ პირდაპირ "მუცელში ჩარტყმასავითაა" ის სურათი, რაც უკრაინელებს ქალაქ ბუჩაში, რუსების გასვლის შემდეგ დახვდათ. ბლინკენი ამბობს, რომ ომის ნებისმიერი დანაშაულის საპასუხოდ, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ.

ბლინკენმა ეს განცხადება ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" საუბრის დროს გააკეთა. ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე კი კიევიდან 37 კილომეტრით დაშორებულ ბუჩაზე კონტროლი კვლავ უკრაინელებმა დაიბრუნეს. ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც ამ ქალაქიდან ვრცელდება, ასახავს ქალაქის ქუჩებში დაყრილ მშვიდობიანი მოსახლეობის გვამებს.

"თვალის არიდება შეუძლებელია, ეს სურათი უბრალოდ მუცელში ჩარტყმასავითაა",- უთხრა ბლინკენმა ამერიკელ ჟურნალისტ დანა ბაშს. მან ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინაში ომის დანაშაულებები ჩაიდინა და ისინი ეხმარებიან უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების შეგროვებაში.

"ამაზე პასუხი უნდა აგონ",- თქვა ბლინკენმა. "თუმცა, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ, ამის ნორმალიზება არ უნდა მოხდეს. ესაა ის რეალობა, რაც ყოველდღიურად მოხდება იქამდე, ვიდრე რუსეთის სისასტიკე უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება",- დაამატა სახელმწიფო მდივანმა.

უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ფაქტებს ჰააგაში მდებარე მარლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო უკვე იძიებს. დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მხრიდან ჩადენილ ომის დანაშაულის სავარაუდო შემთხვევებს დამოუკიდებლად იძიებს.

XS
SM
MD
LG