ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გიორგი მარგველაშვილი: ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით სურთ გავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესზე


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საარჩევნო თარიღის მოახლოებასთან ერთად ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო–კადრები. პოლიტიკოსებმა, მედიის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ღიად განაცხადეს, რომ მათ მიმართ განხორციელდა მუქარა, რომელიც სწორედ ამ ტიპის ვიდეოების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. მას შემდეგ არაერთი ფარული ჩანაწერი მოხვდა სოციალურ ქსელებსა თუ პირად მაილებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოება სოლიდარულია პირადი ცხოვრების უფლების დაცვისა და მასში ჩაურევლობის მიმართ, შესაბამისად ზემოთხსენებული ვიდეობის ტირაჟირება არ მიმდინარეობს. გამოძიება კარგა ხანია დაიწყო, მაგრამ მისი ტემპი და შედეგები იმდენად არაეფექტურია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს უკვე მთავარი პროკურორის გადადგომა მოითხოვეს, რადგან ეს უწყება ჯეროვნად ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

უკანონო ჩანაწერების თაობაზე განცხადება ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა: “გამოძიებამ, ისევე როგორც ჩვენ, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ არ დავდევთ ვიღაც ჰაკერებს ამ მომენტში, ან ვიღაც ადამიანებს, რომლებმაც რაღაც ატვირთეს ინტერნეტში. ეს არის პროცესი, როდესაც გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისა უნდათ გავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესზე. შესაბამისად, ესაა პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, ეს უნდა გაიაზრონ სამართალდამცავებმა და ამის გააზრებით, უსწრაფესად, პაუხი მისცენ ქართულ საზოგადოებას.“

მთავარ პროკურატურაში დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ განაცხადა: „საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე - "FACEBOOK"-ზე და "YOUTUBE"-ზე, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. ჩატარებულია 200–ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის მასშტაბით 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში დღეს კონფერენცია გამართეს, განაცხადეს, რომ გამოძიების მხრიდან წარმოებული სამუშაო არასაკმარისია. „ჩვენ არ მოველოდით, რომ ისინი გააკეთებდნენ აქცენტს მხოლოდ ატვირთვის ფაქტზე“– ითქვა კონფერენციაზე. საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც პირადი ცხოვრების ხელყოფის კუთხით სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ კვლავაც რჩებიან სამართალდამცავ უწყებებში: „სწორედ ამ დანაშაულის გამოუძიებლობა და მისი დაუსჯელობა არის წამახალისებელი ამ ტიპის ფარული ჩანაწერების გავრცელების და ასევე იმისა, რომ დღესაც არსებობს ეჭვები და ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პირების მიერ გაკეთებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათაც უსმენენ კვლავ, მათაც იწერენ, უთვალთვალებენ და წარმოადგენენ შანტაჟის მსხვერპლი“,–ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სწორედ ამ დანაშაულის გამოუძიებლობა და მისი დაუსჯელობა არის წამახალისებელი ამ ტიპის ფარული ჩანაწერების გავრცელების.
ანა ნაცვლიშვილი, "საია"

ამერიკის ხმასთან რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ ისაუბრა, რომელმაც განაცხადა: „რაც უფრო მკაცრი ვიქნებით იგნორი იქნება ამ საკითხის მიმართ, უფრო სწორად, ამ ფაქტების მიმართ, მით უკეთესი, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს მახინჯი პრაქტიკა, ვინც ამას აკეთებს. გამოძიებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ცუდია, რომ აქამდე არ გვაქვს კონკრეტული შუალედური დასკვნები მაინც. მთელი პაუხისმგდებლობა, მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ვინც არ უნდა იყოს, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს ეს საშინელება ხელისუფლებაზეა. მაქსიმალურად სწრაფად და აფექტურად უნდა მოხდეს გამოძიება, რომ არ გაჩნდეს სხვა კითხვებიც ამასთან დაკავშირებით. ხელისუფლებას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით.“

პირადი ცხოვრების ხელყოფის გამო გამოძიება სსკ 157–ე მუხლით მიმდინარეობს. ამ დრომდე კანონის დამრღვევი პირები გამოვლენილი არაა.

XS
SM
MD
LG