ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილები კვების ვაუჩერებს ელიან


დევნილები კვების ვაუჩერებს ელიან

ქართველი დევნილები, რომლებიც კომპაქტურად არიან ჩასახლებულები, დღემდე სასურსათო ვაუჩერის მიღებას ელიან. ამ პროგრამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადი მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში გააკეთა და ეს სურსათზე ფასების ზრდას დაუკავშირა. ერთჯერადი ვაუჩერი სახელმწიფოსგან სურსათის შესაძენად 30 ლარის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. პროექტის განსახორციელებლად თავდაპირველად დასახელდა დრო 11 ივლისამდე, თუმცა მოგვიანებით ნათელი გახდა, რომ ეს ვადა საკმარისი არ იყო. სასურსათო ვაუჩერი ამ დრომდე 40 ათას ოჯახს ჯერ კიდევ არ აუღია. ადგილობრივ გამგეობას გორში დევნილები და საბავშო ბაღებში ჩასახლებული დღემდე დევნილის სტატუსის არ მქონე ადამიანები ყოველდღიურად აკითხავენ და ცდილობენ მიიღონ პასუხი კითხვაზე, როდის მიიღებენ კუთვნილ დახმარებას.

„გვითხრან, რომ არ გვაძლევენ, ან არ გვეკუთვნის და გავჩუმდებით. ვაუჩერი აიღეს ქალაქის მცხოვრებლებმა, მათ, ვინც დევნილი არ არის, ჩვენ კი საბავშვო ბაღებში ვცხოვრობთ, ხელისუფლებისგან არანაირი შემწეობით არ ვსარგებლობთ და ვაუჩერის გამოწერაც კი ავიწყდებათ ჩვენთვის“,– ამბობენ გორის მეთორმეტე საბავშვო ბაღში შესახლებული დევნილები.

ცხინვალიდან დევნილ ვენერა ვალიევას ყველაზე მეტად ის ანცვიფრებს, რომ ვაუჩერების გარეშე ომით დაზარალებული ადამიანები დარჩნენ.

ნატო მოდოდაშვილიც ცხინვალიდან დევნილია. მათ ოჯახში შვიდი წევრია. ყველანი საბავშვო ბაღში ცხოვრობენ. „შეიძლება თანხა დიდი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ამასაც მნიშვნელობა აქვს. სამსახურის შოვნა აქამდე ვერავინ შევძელით, ჩემს ძმას ახლა გამოუჩნდა რაღაც თბილისში და იქ დადის სამუშაოდ საჭმელისთვის ფული რომ იშოვოს,“– ამბობს ნატო მიდოდაშვილი.

დავით დვალიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ვაუჩერების გაცემის პროცესში ბევრი პრობლემა გაჩნდა, რაც უმეტესწილად იმით იყო განპირობებული, რომ სასურსათო ვაუჩერი ელექტროენერგიის ვაუჩერზე იყო მიბმული, რომელიც ასევე ერთჯერადად გაიცა. თუმცა ისეთი კატეგორია, როგორიც მაგალითად სტატუსის გარეშე მყოფი დევნილები არიან, ამ პროცესში ვერ გაითვალისწინეს, რადგან საბავშვო ბაღებში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის გადასახადს სახელმწიფო უფარავს. შესაბამისად, მათ ელექტროენერგიის ვაუჩერი არც აუღიათ. ამიტომაც ელექტროენერგიის ვაუჩერზე მიბმული სასურსათო ვაუჩერის გარეშე დარჩნენ. დავით დვალიძე ამბობს, რომ საქართველოში სულ 40 ათასი ოჯახია დარჩენილი ვაუჩერის გარეშე და ეს ხარვეზი აგვისტოს ბოლომდე აღმოიფხვრება.

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ 30 ლარიანი სასურსათო ვაუჩერის გარეშე საქართველოში არც ერთი ოჯახი არ დარჩება.

XS
SM
MD
LG