ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას პანდორას ყუთის გახსნას ადარებენ


რუსეთის კანონმდებლები და ექსპერტები საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

საერთაშორისო სასამართლოს მიერ ამ ცოტა ხნის წინ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემდეგი შეფასება მისცა:

„ჩვენი პოზიცია კოსოვოს დამოუკიდებლობის არაღიარებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოსოვოს პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებულ მხარეთა შორის მოლაპარაკებების მეოხებით და უშიშროების საბჭოს №1244 რეზოლუციაზე დაყრდნობით, რომელსაც თვით საერთაშორისო სასამართლო კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო სამართლის ერთადერთ მიღებულ ფორმად მიიჩნევს.“

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ აღნიშნა, რომ პრინციპულ მნიშვნელობას იძენს ის გარემოება, რომ საეთაშორისო სასამართლომ შეაფასა მხოლოდ კოსოვოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და არა ის ჰქონდა თუ არა კოსოვოს სერბეთისგან ცალმხრივად გამოყოფის უფლება. საერთაშორისო სასამართლოს დასკვნებში არაფერთია ნათქვამი აგრეთვე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შედეგებზე. კერძოდ, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ წარმოადგენს თუ არა კოსოვო სახელმწიფოს და თუ რამდენად კანონიერია კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსეთის კანონმდებლებს შორის საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია გასული კვირის მიწურულს.

„საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება სეპარატისტებს გააქტიურებს,“ აღნიშნავს ფედერაციის საბჭოს თავჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტროშინი.

ხოლო ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ვიქტორ ოზეროვი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„სასამართლოს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება შეფასებებს. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დადასტურებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის ლეგიტიმაციის სასარგებლოდ. სასამართლოს გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს, რომელიც პოლიტიკოსებს და საერთაშორისო თანამეგობრობას აძლევს საშუალებას სხვანაირად შეაფასონ ამ ორი კავკასიური რესპუბლიკის სუვერენიტეტი.“

მსგავსი მოსაზრებები ასახავს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის კონსოლიდირებულ პოზიციას. სხვაობა მხოლოდ ნიუანსებში თუ შეინიშნება. მაგალითად, რაც შეეხება მოსკოვის დამოკიდებულებას ბალკანეთში შექმნილი რეალიების მიმართ.

სახელმწიფო დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა სემიონ ბაგდასაროვმა ამერიკის ხმის რუსულ რედაქციასთან საუბრისას აღნიშნა:

„ჩვენ, რასაკვირველია, კვლავინდებურად დავეხმარებით სერბეთს. მაგრამ ალბათ ბელგრადსაც მოუხდება საკუთარი პოზიციების დაფიქსირება. ჯერ-ჯერობით სერბეთის ხელისუფლება საკმაოდ ორაზროვან პოზიციებს იკავებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთის მხრივ სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას უარყოფს, ხოლო მეორეს მხრივ ის აგრძელებს იმ ევროპულ სახელმწიფოებთან ინტეგრაციას, რომლეთა უმრავლესობამ თავის დროზე პრიშტინას დამოუკიდებლობა აღიარა.“

მოსკოვის კარნეგის სახელობის კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ანდრეი რიაბოვს მიაჩნია, რომ პოსტ-საბჭოური სივრცისთვის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტის ხასიათს მიიღებს, რასაც გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება. მისი აზრით, აქ ლაპარაკი არა მხოლოდ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეა, არამედ პოსტ-საბჭოთა საერთაშორისო ურთიერთობების საკმაოდ მყიფე არქიტექტურაზე.

„ჩემი აზრით, გაეროს გადაწყვეტილებას არ მოჰყვება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ახალი სუვერენული სახელმწიფოების აღლუმი. თუმცა დსთ-ს ყველა სახელმწიფოში სეპარატიზმის გამოვლინებების მიმართ ყურადღება კიდევ უფრო გაძლიერდება,“ აღნიშნავს რიაბოვი.

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი კი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მძიმე შედეგებს გამოიღებს ტიბეტში, სინგიანგში, ქურთისტანსა და იემენში. ექსპერტი დასძენს:

„ეს არის პანდორას ყუთი, რომელიც ჩვენ არ უნდა გაგვეხსნა. როგორც ჩანს, საერთაშორისო თანამეგობრობა თავის გადაწყვეტილებებში უკეთეს შემთხვევაში კომბინაციებს მხოლოდ ერთი სვლით წინ გეგმავს. ამდენად, საწმუხაროდ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიო საყოველთაო სეპარატიზმის ერაში შედის.“

XS
SM
MD
LG