ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის საკითხი განსახილველად გაეროს გადაეცა


სირია საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებებს არღვევს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადაწყვეტილებით სირიის საკითხი განსახილველად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადაეცემა.

კენჭისყრაზე 17 ხმით 6-ის წინააღმდეგ სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიის მხრიდან ატომური ენერგიის განვითარების საკითხებზე ურთიერთთანამშრომლობის ნაკლებობის გამო. 11-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო არ არის დარწმუნებული, რომ სირიის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან ხასიათს ატარებს და რომ ეს ვითარება მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას ეჭვქვეშ აყენებს.

რეზოლუცია მას შემდეგ შემუშავდა, რაც მმართველთა საბჭომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის -იუკია ამანოს- ანგარიში მოისმინა. ანგარიშში მოყვანილი დეტალური მტკიცებულების მიხედვით სირიის დერ ალზურის ობიექტზე, რომელიც ისრაელის ბომბდამშენებმა 2007 წელს დაანგრიეს, დღეს ბირთვული რეაქტორია მოთავსებული. ამ ფაქტის შესახებ სირიას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის უნდა ეცნობებინა. სირიამ ასევე უარით უპასუხა სააგენტოს არაერთ მოთხოვნას ამ ობიექტის შესახებ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი, წერილობით გაკეთებულ განცხადებაში მიესალმა სააგენტოს მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სირიის საკითხის გაეროში განხილვის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სირია უარს ამბობდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობაზე და ჩრდილოეთ კორეის დახმარებით საიდუმლო ბირთვული რეაქტორის აგებას ცდილობს. ქალბატონი კლინტონის განცხადებით ამით „სირია სააგენტოს ავტორიტეტს და ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის მნიშვნელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯეი კარნიმ, აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო საზოგადოება ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. მისი განცხადებით „სირია საიდუმლო რეაქტორის აგებას ცდილობს, რომელსაც ბირთვული იარაღისთვის აუცილებელი ნივთიერების -პლუტონიუმის- დიდი რაოდენობით წარმოება შეეძლება. სირია რამდენიმე წლის განმავლობაში ბლოკავდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მონიტორინგის ჩატარების ყოველგვარ მცდელობას. ის უარს აცხადებდა დაეშვა სააგენტოს თანამშრომლები აღნიშნულ ობიექტზე და მიეცა მათთვის საშუალება დოკუმენტაციას და პერსონალს გაცნობოდა, რითაც საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევდა“.

ბატონმა კარნიმ გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „შეერთებული შტატები ბირთვული იარაღის შემდგომი გაუვრცელებლობის ერთგული რჩება. პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ის ყველა ღონეს იხმარს, რომ თითოეულმა ქვეყანამ შეძლოს ნაკისრი პასუხისმგებლობის შესრულება და საკუთარ ქმედებებზე პასუხი აგოს“.

XS
SM
MD
LG