ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს“ - დეგნანი


"არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს", - აშშ-ის ელჩმა ეს განცხადება ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ გააკეთა, რომლიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს.

აშშ-ის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი გადაიხედება. კელი დეგნანმა, საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ისაუბრა.

აშშ-ის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ერთპარტიული პარლამენტი საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

"რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემოკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვითარებული ოპოზიცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი იქნება ძალიან იმედგამაცრუებელი უკანგადადგმული ნაბიჯი. ამომრჩეველმა 9 პარტია აირჩია და ეს ნათელი განაცხადია მათი მოლოდინის", - განაცხადა დეგნანმა.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არსებული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანომ დღეს პირველი მოსმენით მიიღო. პარლამენტი მას დაჩქარებული წესით განიხილავს.

"ქართული ოცნების“ უმრავლესობამ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა. ასევე კენჭი უყარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს.

ამასთან, როგორც სასესიო განხილვისას გახდა ცნობილი, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდა და მასში რიგი ცვლილება აისახა.

ამერიკის ელჩმა ასევე ისაუბრა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ პროცესი მისი აზრით ჩიხში არაა.

"არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წაწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ. იმედი მაქვს, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს, საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ", - ამბობს კელი დეგნანი.

"ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები 31 ოქტომბრის არჩევნების გარშემო და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნის მიზნით, უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG