ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთმა უკრაინის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მთავრობას ექნება საგანგებო უფლებამოსილება, რათა შეძლოს უფრო სწრაფად უპასუხოს მეზობელ უკრაინაში ომის შედეგად შექმნილ გამოწვევებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამშაბათს ფეისბუქ ვიდეოში.

ორბანმა, რომელმაც 3 აპრილს არჩევნებში, მეოთხე ვადა მოიპოვა, წარსულშიც მიმართა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, კოვიდ-19-ის პანდემიასთან გამკლავების და ევროპაში საიმიგრაციო კრიზისის დროს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ანალოგიურად აძლევს ორბანის მთავრობას უფლებამოსილებას დაამტკიცოს ესა თუ ის განკარგულება პარლამენტის გარეშე.

„მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა“, - თქვა ორბანმა ვიდეოში და გაიმეორა, რომ უნგრეთი არ უნდა ჩაერთოს უკრაინის ომში და „დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება“.

ორბანმა თქვა, რომ მისი მთავრობის პირველი განკარგულებები ოთხშაბათს გახდება ცნობილი.

ორბანის მთავრობას უწევს გაუმკლავდეს უკრაინის ომის შედეგებს, 9,5%-იან წლიურ ინფლაციას და ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც პირველ კვარტალში წინასაარჩევნო დანახარჯების გამო გაიზარდა. უნგრეთი ასევე უმკლავდება ეკონომიკური ზრდის შენელებას.

ორბანი, რომლის ნაციონალისტურმა პარტიამ „ფიდეშმა“ კვლავ მოიპოვა პარლამენტში უმრავლესობა, მანდატების ორ მესამედს აკონტროლებს.

ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში, ორბანი ეტაპობრივად აფართოებდა მის უფლებამოსილებებს და ხშირად იყო კრიტიკის სამიზნე ევროკავშირისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან, მათი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG