ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იატაკქვეშა ურთიერთობები კონფლიქტის ზონაში


დღეს საინტერესო შეხვედრა გაიმართა სამხრეთო ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მომვალისა და ქართულ–ოსური ურთიერთობების თემაზე გორში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, კონფლიქტის ზონის სოფლების მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რა პერსპექტივები შეიძლება იყოს განხილული ქართულ–ოსური ურთიერთობების მიმართულებით გამომდინარე შესაძლებლობებიდან, რასაც პოლიტიკური ვითარება განაპირობებს – ამ საკითხის შესახებ მომხსენებლებმა და დამსწრეებმა საკუთარი შეხედულებები წარმოადგინეს. ერთის მხრივ დგას საზოგადოებრივი ინტერესი, როგორც ქართული, ასევე ოსური მხრიდან ურთიერთობებისთვის მეტი ინტენვივობის მიცემის სურვილით, რადგან ნათესაური, მეგობრული თუ მეზობლური კავშირები ადამიანებს დაახლოვებისკენ უბიძგებს, თუმცა მეორეს მხრივ, პოლიტიკური ვითარება, რომლის დღის წესრიგის მოკარნახე რუსეთია, ურთიერთობების ჩასაშლელად და ხელშესაშლელად ყველანაირ ზომას მიმართავს, დაწყებული ტერორით მათ მიმართ, ვინც ქართულ მხარესთან რაიმე სახის კონტაქტშია „ეჭვმიტანილი“ და დასრულებული მავთულხლართების გამბით. ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ურთიერთობები მხოლოდ იატაკქვეშ, რუსული თვალისგან მიმალულად ხორციელდება.

მომავალი წლის გაზაფხულზე სამხრეთ ოსეთში ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ორივე კანდიდატი თიბილოვიც და ბიბილოვიც, ვისაც გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს, რუსეთთან შეერთების შესახებ აკეთებს დაპირებებს და ეს თემა აქტუალურია, თუმცა ოფიციალური მოსკოვი ჯერ კიდევ იკავებს თავს მისცეს სამხრეთ ოსეთელებს რეფერენდუმის ჩატარების უფლება რუსეთთან მიერთების თაობაზე.

კავკასიური სახლის პრეოექტის კოორდინატორი ვანო აბრამაშვილი, რომელმაც "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა, მიიჩნევს, რომ რუსეთს ეს თემა საქართველოსთან ვაჭრობისთვის უფრო სჭირდება: „ხვალ რომ ჩატარებულიყო რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთში კითხვით იმის შესახებ, სურთ თუ არა მათ გაერთიანება რუსეთთან, დიდი ალბათობით, ეს დადებითად გადაწყდებოდა. პოლიტიკური ელიტაც ამ აზრზეა და ადგილობრივი ჩინოვნიკების კორუფციისგან გადაღლილი მოსახლეობაც, ანუ საწინააღმდეგო მოსაზრება, თითქმის, არ არსებობს ამ ტერიტორიაზე, ყველას სურს გაერთიანება რუსეთთან. რეფერენდუმი ორი წლის წინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო 2017 წლის გაზაფხულისთვის და შემდგომ ესეც გაუქმდა, ასევე რუსეთის სურვილით, რაც ცალსახა დასტურია იმის, რომ რუსეთს ჯერ არ სჭირდება სამხრეთ ოსეთი შევიდეს მის შემადგენლობაში, მოახდინოს ამ ტერიტორიის ანექსია, რადგან ამით ის კიდევ ერთ ბერკეტს დაკარგავს საქართველოზე გავლენის მოხდენისთვის.“

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. მისი ხელმძღვანელი ნინო კალანდარიშვილი ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ადამიანის უფლებების იგნორირების შემთხვევებზე ამახვილებს: „ლეგიტიმურია თუ არაა ლეგიტიმური ხელისუფლება, ამის მიუხედავად, ადამიანის უფლებები დევს ვერტიკალზე: ადამიანი და მოქმედი ხელისუფლება. ადამიანები, თუნდაც მაშინ, როდესაც გვეუბნებიან, რომ „გთხოვთ, ნუ დაასახელებთ ჩემს გვარს და სახელს“, უკვე იმის ნიშანია, რომ ისინი კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რაც მოელით და შესაბამისად, აცნობიერებენ, რომ მათი უფლებები დარღვეულია. რამდენიმე მოგონებაში, რაც შესულია კრებულში „კონფლიქტის საფასური, უთქმელი ამბები“, რომელიც ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ეგიდით გამოვიდა, ოსი მთხრობელები ამბობენ, რომ აქვთ უერთიერთობა ქართულ მხარესთან იმეილით, ინტერნეტით და იციან, რა ხდება საქართველოში. იმასაც ახსენებენ, რომ ისინი ვერ ჩადიან საქართველოში, აქვთ სურვილი, აქვთ შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვთ ამის უფლება.“

გორის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი მიხეილ ჩიტაძე "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „ოსური მხარის ინტერესი გამომდინარეობს რუსული მხარის ინტერესებიდან, ხოლო რუსეთის ხელისუფლება რასაც აკეთებს, ეს კონფლიქტის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯები არ არის. ხდება ოსური მხარის აბსოლუტური იზოლაცია, ყველანაირი კონტაქტების შეზღუდვა და ურთიერთობის გაწყვეტა. შესაბამისად, პოლიტიკური მიმართულებით ვერანაირ პოზიტიურ ნაპერწკალს ვერ ვხედავ. საზოგადოებრივი მიმართულებით კიდევ, ოსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება და ადამიანების შევიწროვება, რომლებიც ჩართულები იყვნენ გარკვეულ ურთიერთობებში, ალბათ ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს და მას არ ექნება ადგილი უახლოეს მომავალში.“

ხვალ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო ამ დღეს მიმდინარე წელსაც ორი მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტით, უამრავი დევნილითა და უფლებაშეზღუდული ადამიანით შეხვდება.

XS
SM
MD
LG