ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში კოვიდ-19-ით გამოწვეული ზიანის დაძლევის იმედისმომცემი ნიშნები იკვეთება


შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ინფექციის მძიმე შემთხვევების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით შესამჩნევად კლებულობს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რაოდენობა მაინც მაღალია. სერიოზული ინფექციების რაოდენობის კლება იმაზე მიუთითებს, რომ საახალწლო სეზონზე ადამიანების მოგზაურობისა და შეკრებების გამო დაავადების გავრცელების ტალღა მთავრდება. ამას კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოსვლაც ერთვის თან, რაც ინფექციის გავრცელებას კიდევ უფრო შეანელებს.

„ჰორიზონტზე სინათლე გამოჩნდა,“ უთხრა ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ ტელეკომპანია „სი-ენ-ენს.“ „ვფიქრობ, მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა უნდა ითქვას, ტემპი ნელია.“

სამშაბათს კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად ამერიკაში 4 300 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყების შემდეგ, ამერიკაში მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შეერთებული შტატები ახალი კორონავირუსის შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. დღემდე გამოვლენილია 25 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ხოლო 425 120 ადამიანი გარდაიცვალა.

გაჩნდა შეშფოთება, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელებამ ქვეყანაში მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის ტემპი ისეთი ჩქარი არ არის, როგორც ბევრი იმედოვნებდა.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ 2020 წლის ბოლოს შემთხვევების რაოდენობამ დრამატულად ნოემბერში, მადლიერების დღის და მოგვიანებით დეკემბერში, საშობაო სეზონის შემდეგ მოიმატა.

მძიმე შემთხვევების კლების ფონზე, ზოგიერთი შტატი აქამდე დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს. კალიფორნიაში, მიმდინარე კვირას ამოიწურა სახლში დარჩენის მოთხოვნის ვადა, რომელიც თითქმის მთელს შტატს ეხებოდა. შტატში ნელ-ნელა იხსნება სილამაზის სალონები, მაღაზიები, რესტორნები, რომლებსაც კლიენტების გამასპინძლება ღია ცის ქვეშ შეუძლია. შეზღუდვები ჯერ ისევ მოქმედებს დახურულ სივრცეებში თავშეყრაზე.


ოჰაიოს გუბერნატორმა მაიკ დევაინმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას 91 ათასი მასწავლებლისა და სკოლის თანამშრომლებისთვის, ვაქცინას ხელმისაწვდომს გახდის. გუბერნატორს სურს შტატში სკოლები მარტში გაიხსნას.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ თქვა, რომ საახალწლო სეზონის შემდეგ, შემთხვევების რაოდენობის მომატება მოსალოდნელი იყო, „ეს მოზღვავება მოხდა, მაგრამ ახლა ეს მოზღვავება დამთავრებულია. კალიფორნიის მსგავსად, კუომომ ნიუ-იორკში რამდენიმე შეზღუდვა გააუქმა. გუბერნატორი იმედს იტოვებს, რომ ქალაქ ნიუ-იორკში რესტორნების გახსნაც მალე იქნება შესაძლებელი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი ინფიცირების მაჩვენებლებმა შეიძლება კიდევ მოიმატოს.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს თქვა, რომ სიტუაციის დარეგულირებას თვეები დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG