ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური ეჭვიანობა ფოტოსურათის გამო


ლაშა დარბაიძე და გელა ბეჟუაშვილი

ახალი სკანდალი ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროში ისევ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლას უკავშირდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა სრულიად მოულოდნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საპატიო კონსულს, ქართველ ბიზნესმენ ლაშა დარბაიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტმა ლაშა დარბაიძეს საქართველოს მოქალაქეობაც წაართვა. დარბაიძეს საპატიო კონსულის სტატუსი 2010 წელს მიენიჭა. საგარეო მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი, უკვე ყოფილი საპატიო კონსულის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო.

ნინო კალანდაძემ კერძოდ თქვა, რომ ლაშა დარბაიძეს ამერიკა-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებში წვლილი არ შექონდა:

„ლაშა დარბაიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩარმორთმევაზე არ ვფლობ ინფორმაციას. ჩვენ არც ვართ კომპეტენტული ორგანო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღოთ. რაც შეეხება მისი, როგორც საპატიო კონსულის მოღვაწეობას, ვადასტურებ რომ მას შეუწყდა უფლებამოსილება.

განხილვის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს პირი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აკმაყოფილებდა იმ პირობებს, რომელსაც უნდა ასრულებდეს საპატიო კონსული.

ამერიკისა და საქართველოს ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ საპატიო კონსულმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებაში თავისი წვლილი შეიტანოს.“

სულ სხვა ისტორიას ყვება თავად ლაშა დარბაიძე, აშშ-ში საქართველოს უკვე ყოფილი საპატიო კონსული. 20 ოქტომბერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში, საკონსულოს გვერდზე, „ქართველი ემიგრანტის ხმა“, საპატიო კონსულმა, თბილისში, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათები გამოაქვეყნა.

ოფიციალურ თბილისს ამ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ ქმედებაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა. საქართველოს მთავრობის დავალებით, დარბაიძეს, ფეისბუქის გვერდიდან, ივანიშვილისა და ბასის ფოტოების წაშლა მოსთხოვეს. უარის შემდეგ კი საპატიო კონსულს უფლებამოსილება შეუჩერეს. ლაშა დარბაიძე ამბობს:

„სანამ შემიჩერდებოდა უფლებამოსილება, ორი დღით ადრე მქონდა შეხვედრა პიროვნებასთან, რომელიც, როგორც ჩანს, ჩემთან საქართველოს მთავრობის დავალებით იყო მოსული. მოკლედ ასეთი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი საკონსულოს გვერდიდან, რაც გვაქვს ფეისბუქზე, ამოღებული ყოფილიყო ჯონ ბასისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათები.

უარის შემდეგ, ვუთხარი, რომ თუ სხვა თემას არ ეხება ეს შეხვედრა, მაშინ მის გაგრძელებას აზრი არ აქვს მეთქი. იმიტომ, რომ სურათებს არ მოვხსნი მეთქი. ჩვეულებრივი პრინციპის მომენტია. აი, ეს იყო სინამდვილეში მიზეზი და ფაქტიურად, დღენახევრის შემდეგ გენერალურ საკონსულოში, მოვიდა ოფიციალური შეტყობინება ჩემი განთავისუფლების თაობაზე.

საგარეოს ოფიციალური განმარტება კი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თუ შეისწავლით ჩვენს მოვალეობებს, ურთიერთობებს, იმ საქმეებს, რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართულ დიასპორისთვის გავაკეთეთ, იგივე ბიზნესის სფეროში, ინვესტიციების მოზიდვაში, ქველმოქმედებაში, სულ სხვა სურათს დაინახავთ.

რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ეს საერთოდ არ შედიოდა ჩემს კომპეტენციაში. ბასისა და ივანიშვილის სურათების ამოღებაზე რო ვიკითხე, დაახლოებით ასეთი პასუხი გამცეს, თქვენ სარგებლობთ დიდი პოპულარობით ამერიკის ქართულ დიასპორაში და თქვენმა ინტერესმა ბასისა და ივანიშვილის შეხვედრის მიმართ, შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს დიასპორაში განწყობილებებზეო.“

42 წლის ლაშა დარბაიძე ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენია, ამერიკის ახალი ტალღის ქართულ ემიგრაციაში. დარბაიძე ემიგრაციაში 1999 წელს წავიდა და დღეს ნიუ იურკში ერთ-ერთი ცნობილი კერძო უსაფრთხოების სამსახური აქვს.

2004 წელს დარბაიძემ ამერიკაში ქართული დიასპორის დახმარების მიზნით „წმინდა გიორგის სახელობის ფონდი“ დაარსა, რომლის მეშვეობით ნიუ იორკში „ქართული ცენტრი“ და ქართული სკოლა ამუშავდა.

2009 წლის ივნისში ფონდმა, პენსილვანიის შტატში, პატარა ქალაქ ჰანოვერ თაუნშიფში 65 000 დოლარად წმინდა როზარიას სახელობის უკვე გაუქმებული ეკლესია შეიძინა და ის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა.

დღეს, ეს ეკლესია უკვე დავით აღმაშენებლის სახელობისაა და ოფიციალურად, პირველი ქართული ეკლესიაა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ლაშა დარბაიძე ამბობს:

„ეს ეკლესია ამ ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეკლესიას ასი წლის ისტორია აქვს, სლოვაკების მიერ იყო აშენებული, თუმცა ახალგაზრდობამ შემდეგ მიატოვა და უკვე გაუქმებული იყო.

მოგვივიდა ინფორმაცია, რომ იმ პერიოდისთვის ეკლესიის შეძენა ძალიან ხელმისაწვდომ ფასში შეგვეძლო. ეკლესიის რეალური ღირებულება რამოდენიმე მილიონი დოლარი იყო, თუმცა აქ მოხდა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის თანხვედრა, ამერიკის ისტორიაში იმ დროს დაფიქსირდა უძრავ ქონებაზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა.

აი, ეს პირობები რომ არ ყოფილიყო ამ ეკლესიას ვერასოდეს ვიყიდიდით. ეს ინფორმაცია მივიტანეთ პატრიარქის ყურამდე, მივიღეთ მისი ლოცვა-კურთხევა და რამოდენიმე შესანიშნავი ქართველი ადამიანების მხარდაჭერით დავაგვირგვინეთ, ალბათ ყველაზე დიდი საქმე, რაც ჩვენ შეიძლება ოდესმე გავაკეთოთ ჩვენს ცხოვრებაში. პირველი ქართველი მონასტერი ამერიკის ტერიტორიაზე.“

ჯერჯერობით, უცნობია, შეუერთდება თუ არა უკვე ბიზნესმენის სტატუსით, ლაშა დარბაიძე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოძრაობას და როგორ აისახება მისთვის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევა ნიუ იორკის ქართულ დიასპორაზე.

ჯერ კიდევ ივნისში, საქართველოს საპატიო კონსული, ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის გმირების“ გმირი იყო.

XS
SM
MD
LG