ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ნავალნის მოწამვლის საქმეში ჩახედვისკენ მოუწოდებენ


რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოხდეს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის შესწავლა. ორპარტიული მიმართვის ავტორები არიან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის კონგრესმენები.

ისინი თეთრი სახლის ადმინისტრაციას დაბეჯითებით სთხოვენ, დაიწყოს გამოძიება 44 წლის რუს ოპოზიციონერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. წერილობით მიმართვაში ნათქვამია, რომ შესაძლოა მოსკოვზე სანქციების დაწესება იყოს საჭირო.

ორპარტიული მიმართვა პრეზიდენტს ორშაბათს გაეგზავნა. მას ხელს აწერენ კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი (ნიუ-იორკიდან) და კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი (ტეხასიდან).

სამშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა დაგმეს ნავალნის მოწამვლის ფაქტი. შვიდეულში შედის: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია. შვიდეულის განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი კომისარიც შეუერთდა.

თეთრი სახლიც აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ამ საკითხზე პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან იმუშავებს. ისინი ერთად გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა, რუსეთზე მონეტარული სანქციების დაწესება.

ნავალნიმ გონება 20 აგვისტოს, თვითმფრინავში დაკარგა. კრემლის ცნობილ კრიტიკოსს ორ კვირაზე მეტია გერმანიის კლინიკაში მკურნალობენ. 2 სექტემბერს გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ის "ნავიჩოკის" სახელით ცნობილი, საბჭოთა პერიოდის საწამლავითაა მოწამლული. ნავალნი კომიდან გამოვიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.

მოსკოვი ნავალნის მოწამვლის ფაქტს უარყოფს და სანქციების დაწესების საფუძველს ვერ ხედავს. რუსეთში აცხადებენ, რომ მას ომსკის საავადმყოფოში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სისხლში შაქრის მკვეთრ ვარდნას შეეძლო გამოეწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG