ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰერიტიჯის ფონდი: არის პროგრესი, მაგრამ საჭიროა ღრმა და სწრაფი რეფორმები


ჰერიტიჯის ფონმა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. მსოფლიოს 186-ს ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილზეა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 0,2 ქულით მაღალია თუმცა, რეიტინგის მიხედვით საქართველომ სამი პოზიციით უკან დაიხია. ევროპის 44 ქვეყანას შორის თბილისს მე-9 ადგილი უკავია.

ინდექსის თანახმად, საქართველომ პროგრესი აჩვენა საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით. თუმცა ორგანიზაცია ამბობს, რომ სამოქალაქო დავების გადაწყვეტისას, მიუხედავად კონსტიტუციური ჩარჩოს არსებობისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა მოსამართლეთა პროფესიონალიზმი და მათი გადაწყვეტილების გამჭირვალობა. ორგანიზაცია ასევე დასძენს, რომ პრობლემას წარმოადგენს საბჭოთა-ტიპის კორუფცია და რუსული გავლენა.

"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, ჰერიტიჯის ფონდის მკლევარი ტორი თაიტინგი ამბობს, რომ საქართველო რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში ბევრ ქვეყანაზე წინ დგას ეკონომიკური თავისუფლების, რეგულაციების შემცირების, მთავრობის ხარჯვის კონტროლისა და ღია ბაზარს თვალსაზრისით.

"თუმცა ის, რაც საქართველოს უკან სწევს და არ აძლევს საშუალებას 'თავისუფალი' ქვეყნების პირველ კატეგორიაში გადავიდეს არის კანონის უზენაესობა. ეს არის ის კომპონენტები, რომლებიც საქართველოს ხელს უშლის თავისუფალი ქვეყნების იმ კატეგორიაში იყოს, სადაც მაგალითად, ესტონეთია”, დასძენს თაიტინგი.

ჰერიტიჯის ფონდი, ქვეყნების შეფასებისას ოთხ კრიტერიუმს ითვალისწინებს: ესენია კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულაციების ეფექტურობა და ბაზრის თავისუფლების ხარისხი. ფონდის შეფასებით სასამართლოს დამოუკიდებლობის და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საჭიროა უფრო ღრმა და სწრაფი ინსტიტუციური რეფორმები.

ატლანტიკური საბჭოს მკლევარი, ანდერს ასლუნდი, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური გარდაქმნის საკითხზე მუშაობს, საქართველოს შეფასებისას ორ ფუნდამენტურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

„პირველი არის ის, რომ რეფორმები, რომლებიც სააკაშვილმა გაატარა ჯერ ისევ შენარჩუნებულია, რაც პოზიტიური საკითხია და მეორეა ის, რომ საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც საკუთრების უფლება რეალურად არსებობს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალში ეკონომიკური განვითარებისთვის უკეთესი წინაპირობა აქვს."

თუმცა, ამასთან ასლუნდი დასძენს, რომ "საკუთარების უფლების დაცვა ნიშნავს სასამართლოს ქონას, რომელიც საკუთრებას მთავრობისგან დაიცავს. ამ მიზნისთვის კი, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი“.

ორგანიზაცია ამბობს, რომ საქართველოში საბანკო სექტორი იზრდება, რაც აუმჯობესებს საერთაშორისო ფინანსებთან ხელმისაწვდომობას, თუმცა დასძენს, რომ ქვეყნის საფონდო ბირჟა პატარა და განუვითარებელია.

მსოფლიოს გარშემო ეკონომიკური თავისუფლების კუთხით ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია და ავსტრალია ლიდერობს. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 24 წელია რაც ქვეყნდება. ავტორები ამბობენ, რომ ამ პერიოდში მსოფლიოს გარშემო მათი დაკვირვებით ეკონომიკური თავისუფლების ზრდას, ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა მოჰყვება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG