ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰელსინკის კომისიამ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე იმსჯელა


2008 წლის აგვისტოს ომიდან და ბუქარესტის სამიტიდან მეათე წლისთავზე, ვაშინგტონში, კონგრესის ჰელსინკის კომისიაში მოსმენა გაიმართა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და კონფლიქტის დღევანდელი მდგომარეობა შეაფასეს.

„მოსკოვის საქართველოში შეჭრამ აჩვენა კრემლის სურვილი გამოიყენოს სამხედრო ძალა, ერთპიროვნულად შეცვალოს ევროპის საზღვრები და გამოწვევის წინაშე დააყენოს მისი მეზობლების უფლება აირჩიონ საკუთარი მომავალი“, - ამბობს ჰელსინკის კომისია მოსმენის შეჯამებაში.

მოსმენაზე მოხსენებით საქართველოს ელჩი ამერიკაში დავით ბაქრაძე, „ჰერიტიჯის ფონდის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი ლუკ კოფი და „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი წარსდგნენ.

საკუთარ მოხსენებაში დეიმონ უილსონმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება შეაჩეროს საქართველოს და უკრაინის ნატოში ინტეგრაციის პროცესი.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც მე-20 საუკუნის მანძილზე დატყვევებულნი იყვნენ, 21-ე საუკუნეში მძევლები გახდნენ. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი თავისუფლების საზღვრებზე დგანან, და დავაკავშიროთ ისინი ნატოს ალიანსთან ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე მშვიდობის დამყარებისთვის“, - განაცხადა დეიმონ უილსონმა.

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შეაფასა ასევე ლუკ კოფიმ და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს ღირსეული პარტნიორია.

„ამერიკამ უნდა იკისროს ლიდერის როლი ნატოს შიგნით, რათა ერთიანი ხმით იქნას დაგმობილი რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლუკ კოფიმ.

დავით ბაქრაძემ, საქართველოს ელჩმა აშშ-ში ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე და მოსკოვის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციას და განსაკუთრებით, ამერიკის [პოზიციას] გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის მესიჯის გასაგზავნად. პოლიტიკა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული, მიუღებელია“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG