ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შევამციროთ გულის დაავადებათა რისკი?


როგორ შევამციროთ გულის დაავადებათა რისკი?
როგორ შევამციროთ გულის დაავადებათა რისკი?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით გულის დაავადებებით დედამიწაზე ყველაზე მეტი ადამიანი კვდება. თუმცა, ამ დაავადებათა რისკის თავიდან აცილება მკურნალობის გარეშეც კი 95 პროცენტით შეიძლება. ამისათვის მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლა, მოსახლეობის მეტად ინფორმირება და გაუმჯობესებული კანონმდებლობაა საჭირო.

როგორც აღმოჩნდა, ქალები უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მამაკაცები. ეს იმის ბრალიცაა, რომ დაავადების დიაგნოსტიკა ქალებში უფრო რთულდება. მამაკაცებში გულის შეტევა ძირითადად არტერიების დაბლოკვით ხდება. ანგიოგრამით -სისხლძარღვთა ანალიზის საკმაოდ მარტივი გამოკვლევით- პრობლემა იოლად ვლინდება და დიაგნოსტირებაც მეტი სიზუსტით ხდება.

ანგიოგრამა ქალების არტერიების დაბლოკვას ისეთივე წარმატებით არ აჩვენებს, რაც ქალებში გულის დაავადებათა რისკს კიდევ უფრო ზრდის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყოველწლიურად გულის დაავადებას დედამიწაზე საშუალოდ 18 მილიონი ქალის სიცოცხლე ეწირება. სამწუხაროდ გულის შეტევები ქალებს მხოლოდ შუახნის, ან მოხუცებულობის პერიოდში არ ემართებათ. ქერი ვინსენტს ინფარქტი პირველი შვილის შეძენის შემდეგ დაემართა.

ის ამბობს, რომ მაშინ მხოლოდ 31 წლის იყო და ამ ასაკში გულის შეტევა არ უნდა დამართოდა. ქერი ახლა ორგანიზაცია „Sister to Sister” – „და დისთვის“ მუშაობს, კარდაკარ დადის და ინფორმაციას ქალებს სახლში აწვდის.

ორგანიზაციის დამაარსებელი ირენ პოლინია. „გადავწყვიტე როგორმე მივხმარებოდი ქალებს, როცა შევიტყვე, რომ გულის დაავადებები ქალის პირველი მტერია და მას ქალებში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს“ - ამბობს ქალბატონი პოლინი. ორგანიზაციის მთავარი მიზანი განათლების გავრცელებაა. ის ცდილობს ქალები სისტემატურად ქოლესტერინის მაჩვენებლის, მაღალი წნევის და სხვა რისკ-ფაქტორების კონტროლის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ჩვენი მთავარი მიზანი დაავადების პრევენციაა. ხალხმა უნდა იცოდეს რისკფაქტორების და სისტემატური გამოკვლევების მნიშვნელობის შესახებ“- აღნიშნავს ის.

პოლინი კონსულტაციისთვის ბრიგემში და ბოსტონის ქალთა საავადმყოფოში კარდიოლოგებს დაუკავშირდა. ექიმები ჯოან ფუდი და დარიაუშ მოზაფარანი მას ერთ-ერთი პირველები გამოეხმაურნენ. ექიმი ფუდი ამბობს, რომ გულის დაავადებათა რისკის პრევენცია შემდეგი გზით ხდება: უნდა იყოთ არამწეველი, შეინარჩუნოთ ჯანმრთელი წონა, იკვებოთ სწორად, ივარჯიშოთ დღეში მინიმუმ ნახევარი საათი და სწორი მენეჯმენტი გაუკეთოთ, ან შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოთ სტრესი.

გულის დაავადებათა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში. ექიმი მოზაფარანი ამბობს, რომ აქ დიდ როლს ჭარბი წონა ასრულებს.

ქრონიკულ დაავადებებს ზედმეტი კვება კი არ იწვევს, არამედ - არასწორი კვება. ისინი უმეტესად იმ საკვებს მიირთმევენ, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის საზიანოა“ - ამბობს ის.

რაციონში უნდა გაიზარდოს თევზის, ნატურალური, გაუცრელი ბურღულეულის, ბოსტნეულის, ბოსტნეულის ზეთების, თხილეულის რაოდენობა და შემცირდეს მარილის და ცხოველური ცხიმის მიღება.

ორივე ექიმს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო პოლიტიკა და საკანონმდებლო რეგულირებაც უნდა უწყობდეს ხელს. უნდა რეკლამირდებოდეს ყოველწლიური გამოკვლევა და ფართოდ ინერგებოდეს საზოგადო განათლება ამ სფეროში.

XS
SM
MD
LG