ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩი მოსკოვის მიერ ამერიკული პრესის შეზღუდვის მცდელობას აკრიტიკებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი RT-ის სათაო ოფისში
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი RT-ის სათაო ოფისში

აშშ-ის ელჩმა რუსეთში გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომლითაც მოსკოვი "უცხოეთის აგენტად" რეგისტრაციას ავალდებულებს რუსეთში მოქმედ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ცხრა მედია საშუალებას.

ელჩმა ჯონ ჰანტსმენმა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში, "ამერიკის ხმის" და "რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების" ბიუროები მოინახულა და აღნიშნა, რომ მოსკოვის რეაქცია "არ არის თანაზომიერი" ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე "უცხო ქვეყნის აგენტის" რანგში დაარეგისტრიროს რუსული მედია კომპანიები "სპუტნიკი" და RT (წარსულში "რაშა თუდეი"). მისი თქმით, თუ მოსკოვის ეს გადაწყვეტილება გატარდა, აღნიშნულ ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებს რუსეთში "ფაქტობრივად არ ექნებათ ფუნქციონირების საშუალება."

ელჩის განცხადებით, ამერიკაში რვა ათწლეულის მანძილზე მოქმედი კანონი (FARA), რომლის მიხედვითაც ამ ორი რუსული კომპანიის რეგისტრაცია მოხდა უცხო ქვეყნის აგენტად, გამჭვირვალობის წახალისების მცდელობაა. ის არ ზუდავს რუსულ მედიას აშშ-ში მაუწყებლობა აწარმოოს.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ გასულ კვირას 2012 წლის კანონში შესწორებები შეიტანა, რომელთა მიხედვით ზეწოლის ქვეშ ექცევა არა-სამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, უცხოური მედია.

ამ კომპანიებს რუსეთში რეგულარულად მოუხდებათ იმის დაფიქსირება, რომ "უცხოეთის აგენტები" არიან, დაფინანსების რა წყაროები ან სამაუწყებლო მიზნები აქვთ.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკვე შეატყობინა "ამერიკის ხმას", "რადიო თავისუფლებას" და შვიდ რეგიონულ მაუწყებელს რუსეთში, რომ ახალი მოთხოვნები მათზე გავლენას მოახდენს.

"ამერიკის ხმის" კითხვაზე ჯონ ჰანტსმენმა აღნიშნა, რომ "რუსეთის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ რუსული მედია საშუალებების რეგისტრაციის თანაზომიერი არ არის, ასევე, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით გაადევნებს თვალს დუმაში და სხვაგან ამ კანონის ჩამოყალიბების პროცესს, და რომ თავისუფალი მედიის პრინციპები დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია."

"ამერიკის ხმის" დირექტორმა ამანდა ბენეტმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მისი უწყება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ფაქტებზე დაფუძნებული მედია ორგანიზაციაა და ის მომავალშიც ამ პრინციპების ერთგული დარჩება."

"რადიო თავისუფლების" დირექტორმა ტომ კენტმა, კი ამავე თემაზე განაცხადა, რომ იმ დრომდე, სანამ რუსეთის ახალი რეგულაციები კანონის სახეს მიიღებს, უცნობია ის, თუ რა ზეწოლას მოახდენს რუსეთის იუსტიციის სამინისტრო მათ მუშაობაზე.

კენტმა დასძინა, რომ "რუსული მედია აშშ-ში საკაბელო არხებით ვრცელდება, "სპუტნიკს" კი რადიო სიხშირეც აქვს ვაშინგტონში და სწორედ ამიტომ, ორი ქვეყნის მაუწყებლების უფლებები უკვე ამ ეტაპზე თანაბრად არ არის დაცული."

იმის გამო, რომ რუსული კანონის მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა, მისი გამოყენება პოტენციურად შეისაძლებელი იქნება ნებისმიერი უცხოური მედიის წინაააღმდეგ, განსაკუთრებით თუ ისინი კრემლის პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში მოვა.

ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა, უფლებადამცველი ორგანიზაცია " ფრიდომ ჰაუსის" ყოფილმა დირექტორმა დევიდ კრემერმა აღნიშნა:

“რაშა თუდეიმ” აშშ-ის მთავრობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა, თუმცა ამერიკის მთავრობის ამ მოთხოვნას და “რაშა თუდეის” რეგისტრაციას, ალბათ, უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. რეგისტრაცია რუსულ არხს პროგრამების შექმნაში ხელს არ შეუშლის. მისი პროგრამები კი, ჩემი აზრით, ჟურნალისტიკა საერთოდ არ არის. რეგისტრაციის შემდეგ კომპანია ვალდებული იქნება, დაფინანსების წყარო გაასაჯაროოს. ჩვენ ისედაც ვიცით, რომ მისი ფინანსები კრემლისგან მოდის. იმის გათვალისწინებით, თუ რა როლი მიუძღვის ამ ტელევიზიას ამერიკის პოლიტიკაში, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ ის კრემლის პროპაგანდის იარაღია, აშშ-ის მთავრობისაგან მისი აგენტად რეგისტრაცია მიზანშეწონილი გადწყვეტილება იყო. საპასუხო რეაქციები იქნება. რუსეთის დუმამ უკვე გამოაცხადა, რომ სიმეტრიულ ნაბიჯს გადადგამს. ჩემი აზრით, რუსეთის პასუხი ბევრად უფრო მკაცრი იქნება."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG