ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიდუმლო მასალები გუანტანამოს პატიმრების შესახებ


საიდუმლო მასალები გუანტანამოს პატიმრების შესახებ
საიდუმლო მასალები გუანტანამოს პატიმრების შესახებ

უფლებადამაცველების თქმით, ორგანიზაცია „ვიკილიქსის“ მიერ გუანტანამოს საპყრობილეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ შეერთებული შტატების მთავრობას, მცირეოდენი მტკიცებულებების საფუძველზე, ასობით პატიმარი წლების მანძილზე ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული. თუმცა ექსპერტების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული გასაიდუმლოებული რისკის შეფასების დოკუმენტები ასახავს გუანტანამოს პატიმრების შესაძლო საფრთხეს და იმას თუ რამდენად რთულია იმის განსაზღვრა თუ ვინ იმსახურებს გათავისუფლებას და ვინ არა, იუწყება პენტაგონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ალ პესინი.

როცა შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული თავდასხმები მოხდა, ფედერალური მთავრობის მთელი ძალისხმევა მიმართული იყო ტერორისტების ვინაობის, რაოდენობისა და ადგილმდებარეობის დადგენისკენ. შემდეგომი ტერორისტული აქტების თავიდან აცილების მიზნით, შეერთებული შტატების ეგიდით ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა, რასაც შედეგად ასობით ავღანელ და სხვა მებრძოლთა დაკავება მოჰყვა.

საბედისწერო გადაწყვეტილების თანახმად, შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა დაკავებულ მებრძოლთა ერთი ნაწილი კუბაზე მდებარე შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ბაზაზე გაგზავნეს. სწორედ ასე დაიწყო ციხის მშენებლობა გუანატამოში. ამერიკელი სამხედროები ბრძოლის ველზე დაკავებულ პირებს „მოწინააღმდეგე მებრძოლებად“ თვლიდნენ, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით ნიშნავს იმას, რომ ისინი სამხედრო ტყვეებს არ წარმოადგენენ და მათზე შეერთებული შტატების სამოქალაქო სასამართლოების იურისდიქცია არ ვრცელდება. ამ სამართლებრივი ილეთის გამოყენებით, შედარებით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში შეერთებული შტატების სამხედროები და სადაზვერვო სამსახურები გუანტანამოს პატიმრებისგან საჭირო ინფორმაციის ამოღებას ცდილობდნენ.

გუანტანამოს საპყრობილეს გახსნის შემდეგ ბევრ პატიმარს ცხოვრება აუტანელ პირობებში უხდებოდა. ბევრმა წლების მანძილზე სასტიკი დაკითხვები გადაიტანა. ამასობაში გუანტანამოს საპყრობილეს არსებობამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე კრიტიკა და ბევრი სამართლებრივი პრობლემა გამოიწვია.

ახლახან ორგანიზაცია „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულმა გასაიდუმლოებულმა დოკუმენტებმა შუქი მოჰფინა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის საქმიანობას, როცა სამხედროებმა შექმნეს პროცესი, რომლის მიხედვითაც ისინი ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს პატიმრების გათავისუფლებასა თუ შემდგომი დაკავების შესახებ.

ნიუ იორკში მდებარე კონსტიტუციური უფლებების ცენტრის უფროსი ადვოკატის შეინ კადიდალის თქმით:

„შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე ეს ხალხი იქ გაგზავნეს და შემდეგ მათ წლების მანძილზე სასტიკ დაკითხვებს უტარებდნენ. ამას გარდა, გამომძიებლები პატიმრების მითქმა-მოთქმას მათ წინააღმდეგ იყენებდნენ და მათ პატიმრობას მხოლოდ ამით ამართლებდნენ.“

კადიდალი, სამართლის სხვა ექსპერტები და უფლებადამცველი ადვოკატები აღნიშნავენ, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ გუანტანმოს პატიმრების უმრავლესობა ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც ხშირად ნაწილობრივ მაინც სხვა პატიმრების მითქმა-მოთქმას შეიცავდა. კადიდალს მიაჩნია, რომ პატიმრების ნათქვამი სანდო როდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა ამგვარ აღსარებას ძალადობრივი დაკითხვის დროს იგებ.

„როგორ შეიძლება იმის მტკიცება, თუ რას მოიმოქმედებს ესა თუ ის პატიმარი მომავალში, როცა გამომძიებელს პატიმრის წარსულის შესახებ ძალიან შეზღუდული და არასანდო ინფორმაცია გააჩნია? ამ კონტექსტში პატიმრის შესაძლო საფრთხის სანდო შეფასება სისულელედ მიმაჩნია,“ დასძენს კადიდალი.

მას შემდეგ რაც 2002 წელს გუანტანამოს საპყრობილე გაიხსნა, 779 პატიმრიდან 607 ან გაათავისუფლეს ან სხვა ქვეყნებში გადაიყვანეს. გათავისუფლებულთა შორის იმ პირთა რიცხვი, ვინც ტერორისტულ საქმიანობას დაუბრუნდა, ლიბერალური კვლევითი ორგანიზაცია ახალი ამერიკის ფონდის შეფასებით ექვს პროცენტს აღწევს. თუმცა დეკემბერში შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს მაჩვენებელი 25 პროცენტს უდრის.

XS
SM
MD
LG