ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხის დახურვა საკონსტიტუციო დავას იწვევს


ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კუბაში, გუანტანამოს ყურეშეი ამერიკის სამხედრო ციხის დაკეტვის გეგმა წარმოადგინა.

“როცა ცხადი ხდება, რომ რაღაც ისე არ მუშაობს, როგორც გათვლილი იყო, როცა ამ საქმით ჩვენი უსაფრთხოება არ მყარდება, კურსი უნდა შევიცვალოთ,” განაცხადა პრეზიდენტმა.

ობამამ კონგრესს კუბაში სამხედრო ციხის დაკეტვა სთხოვა და კანონმდებლებს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო გეგმა გაუგზავნა.

მისი თქმით, ამ ციხეში პატიმრების წამების ფაქტს ტერორიტები ახალი წევრების მოსაზიდად იყენებენ. ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მიერ გავრცელებულ ვიდეოებში მათ ტყვეებს ნარინჯისფერი კომბინიზონები აცვიათ, ზუსტად ისეთი, როგორიც გუანტანამოს ციხის პატიმრებს.

ობამას თქმით, “წლების მანძილზე ცხადი გახდა, რომ ეს ნაგებობა გუანტანამოს ყურეში ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას არ იცავს, პირიქით, მას ზიანს აყენებს.”

მომიტინგეები თეთრი სახლის წინ გუანტანამოს ციხის დახურვას ითხოვენ
მომიტინგეები თეთრი სახლის წინ გუანტანამოს ციხის დახურვას ითხოვენ

კონგრესიდან რეაქცია მყისიერი იყო. რესპუბლიკელმა სენატორმა პეტ რობერტსმა პრეზიდენტს ასე უპასუხა: “პრეზიდენტის გეგმაზე აი ამას ვფიქრობ - ის ტერორისტებს ამერიკაში შემოიყვანს.”

სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკონელი კი ამბობს, რომ ის მზადაა განიხილოს პრეზიდენტის გეგმა, თუმცა:

“მან უნდა გაითვალისწინოს კონგრესში არსებული ორპარტიული მოსაზრება ამ ნაბიჯის წინააღმდეგ.”

ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ობამას გეგმას კონგრესში დამტკიცების შანსი არ აქვს.

ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი გერი სოლისი ამბობს, რომ “ეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრძოლაა. არიან ადამიანები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციას და პირადად ობამასაც იმდენად ეწინააღმდეგბიან, რომ უარს აცხადებენ მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც ობამას გეგმებს დააწინაურებს.”

ობამას კონგრესის გარეშეც შეუძლია პატიმრების კუბიდან ამერიკაში გადაყვანა საპრეზიდენტო განკარგულების საფუძველზე. ის ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ კონგრესი მისი გეგმის განხილვაზე უარს განაცხადებს.

სამართლის პროფესორ სოლისის აზრით, გუანტანამოს ციხის საპრეზიდენტო ბრძანებით დახურვა გადაწყვეტილების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით შეკითხვებს წარმოქმნის. საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება ის, აქვს თუ არა პრეზიდენტს ამის უფლება:

“ეს კონგრესის მიერ გამოხატული ნების წინააღმდეგ წასვლა იქნება. კონგრესმა კანონები მიიღო იმისთვის, რომ პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება აეკრძალა,” აცხადებს სოლელი.

ვიდრე კონგრესსა და ადმინისტრაციას შორის ეს დაპირისპირება მიმდინარეობს, ამერიკამ მოკავშირე ქვეყნებთან უნდა გაარკვიოს, მიიღებენ თუ არა ისინი გუანტანამოდან 35 პატიმარს, რომელთა სხვა ქვეყნებში გაგზავნა უკვე დამტკიცებულია. დანარჩენი 56 პატიმრის მომავალი ამ ეტაპზე გაურკვეველია.

XS
SM
MD
LG