საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისთვის მზად არის. კვირას საბერძნეთში გამართულ რეფერენდუმზე 61-მა პროცენტმა უარი თქვა ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ფინანსური სტიმულირების პაკეტის ახალ, მკაცრ პირობებზე. დღეს დილით ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა პოსტი დატოვა, განაცხადა რა, რომ მისი ეს ნაბიჯი პრემიერ ციპრასს ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევაში გზას გაუხსნის.
ალექსის ციპრასის თქმით, რეფერენდუმის შედეგი ევროზონის ქვეყნებთან მოლაპარაკებაზე მის პოზიციებს განამტკიცებს. თუმცა, მეორეს მხრივ ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები დათმობებზე არ მიდიან. გერმანია ახალი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით მყარ პოზიციას ინარჩუნებს. რეფერენდუმის შემდეგ გერმანიის ფინანსთა მინისტრის სპიკერმა თქვა, რომ ის მოლაპარაკების განახლების მიზეზს ვერ ხედავს. ანალოგიური განცხადება გააკეთა დღეს კანცლერ ანგელა მერკელის პრეს-სპიკერმაც.