ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ დაარქვეს ბრიტანეთის უფლისწულს ჯორჯი?


კვირის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა დიდი ბრიტანეთის უფლისწულის გაჩენა იყო. ბავშვს ჯორჯ ალექსანდერ ლუი დაარქვეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:32 0:00
ბმული

დიდ ბრიტანეთში უფლისწულის სახელზე 3 დღის განმავლობაში ფიქრობდნენ. თუმცა, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს არც ისე დიდი დროა, რადგან მისი ბაბუის, უფლისწულ ჩარლზის სახელი თითქმის ერთი თვის მანძილზე არ გამოცხადებულა. სამეფო კარმა არჩევანი საბოლოოდ ჯორჯზე შეაჩერა. პრინც უილიამის და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის პირველი ვაჟიშვილის სრული სახელი კი ასე ჟღერს: ჯორჯ ალექსანდერ ლუი. რატომ შეჩერდა სამეფო წყვილის არჩევანი ამ სახელზე და რა კავშირი აქვს მას უინძორების დინასტიასთან?

ჯორჯ ალექსანდერ ლუის სახელი სათავეს, რა თქმა უნდა, მონარქიის ისტორიიდან იღებს, ამბობს ბრიტანეთის სამეფო კარის ისტორიკოსი ანა უაითლოკი. „სამივე სახელი სამეფო წარმოშობისაა. ჯორჯის შემთხვევაში, ჩვენ 6 მეფე ჯორჯი გვყავდა. საინტერესო თავყრილობაა. მათ შორის პირველი 4 ცნობილი მექალთანე, შეყვარებულებით განთქმული და ბანქოს მოთამაშე იყო“ - აღნიშნავს ისტორიკოსი.

ჯორჯი ერქვა დიდი ბრიტანეთის ამჟამიდნელი მმართველის, დედოფალ ელისაბედ II-ს მამასაც. ის ჯორჯ VI-დ მოიხსენიებოდა. ელისაბედი შვილთაშვილის სანახავად მეუღლესთან ერთად ოთხშაბათს მივიდა და როგორც ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ იუწყება, ორი დღის გაჩენილ მძინარე პატარასთან ნახევარი საათი დაჰყო.

დიდი ბრიტანეთის ისტორია ძალიან ხშირად მონარქის სახელთან ასოცირდება. ამიტომაც მის შერჩევას სამეფო ოჯახი დიდი სიფრთხილით ეკიდება, ამბობს სამეფო კარის მიმომხილველი, რიჩარდ ფიცვილიამსი.

„სახელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისტორიაში რჩება და იმ ეპოქის კუთვნილება ხდება, რომელშიც მომავალ მეფეს ქვეყნის მართვა უწევს. ამიტომ ამ შემთხვევაში ერთგვარ ლიმიტებთან გვაქვს საქმე. არავინ აირჩევს ისეთი მეფის სახელს, რომელიც სრული კატასტროფა იყო“ - აღნიშნავს სამეფო კარის მიმომხილველი.

ისტორიკოს ანა უაითლოკის თქმით, ექვსიდან ბოლო ორი მეფე ჯორჯი დიდი ბრიტანეთის მონარქიის ისტორიაში სანიმუშოდ ითვლებოდნენ.

„ჯორჯ V-მ უინძორების დინასტიას დაუდო სათავე. მას ძალიან რთულ პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის დრო მოუწია ქვეყნის მართვა და პასუხისმგებლობებს თავი ღირსეულად გაართვა. ბრძოლის წინა ხაზზეც კი იყო ჯარისკაცების სანახავად ჩასული. და მეორე იყო დედოფალ ელისაბედ II-ს მამა, გიორგი VI, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქვეყნის ნამდვილი წინამძღოლი და ძალიან პოპულარული ხელმწიფე გახლდათ“ - ამბობს ანა უაითლოკი.

ისტორიკოსების აზრით, ეს ყოველივე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ გამეფების შემთხვევაში, უფლისწულ უილიამსის შვილი ჯორჯ VII იქნება. დიდი ბრიტანეთის ხელმწიფეები არ არიან ვალდებული დაბადების სახელით იმეფონ. ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა მონარქებმა კურთხევის წინ სხვა სახელი აირჩიეს.

გამეფდება თუ არა ჯორჯ ალექსანდერ ლუი და რა სახელს აირჩევს ის მოწიფულობის ჟამს, ეს არც თუ ისე ახლო მომავალში გაირკვევა. დღეს სამეფო კარის ყველაზე პოპულარული წყვილი ბავშვის ძიძის შერჩევით და მისი ოთახის მოწყობით არის დაკავებული. უფლისწული უილიამსი ამბობს, რომ ძალიან უნდა მისი შვილი მაქსიმალურად ნორმალურ, ჩვეულებრივ გარემოში გაიზარდოს. თუმცა, პრივილეგიებით და ფუფუნებით სახელგანთქმულ ბრიტანელ მონარქებს, ეს, როგორც წესი ნაკლებად გამოსდით.
XS
SM
MD
LG