ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერძო შეხვედრები - ოპოზიცია-ხელისუფლება


უგულავას საქმე: პოლიტიკური კრიზისიდან ჩიხამდე
უგულავას საქმე: პოლიტიკური კრიზისიდან ჩიხამდე

საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უკანასკნელ პერიოდში დახურული შეხვედრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ ამჯერად მოლაპარაკებების ხასიათი წინა „რაუნდებისგან“ განსხვავებულია. ეს განსხვავება გამოიხატება იმით, რომ ახლა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლების რიტორიკა მოზომილია, რაც ტოვებს უფრო მეტად საქმიანი პროცესის წარმოების შთაბეჭდილებას. მეორეს მხრივ, კონკრეტულად, რა დეტალები განიხილება მოლაპარაკების მაგიდასთან და რას ეხება „ვაჭრობა“, ამასთან მედიას შეხება არ აქვს. თემას თავად პოლიტიკური აქტორები „ხურავენ“.

„გარეგანი დათვალიერებით“, რაც ასევე საგრძნობია, ის გახლავთ, რომ პოლიტიკოსები დროს არ ზოგავენ და ინტენსიურად მუშაობენ, დღისა და ღამის საათებში და დასვენების დღეებშიც. ამგვარი რეჟმი (ამის შესახებ ცნობილია), დაახლოებით, ორ დღეს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო მიიჩნევა ოპტიმალურად იმისთვის, რომ ხელისუფლება-ოპოზიცია გარკვეულ დათქმებზე შეთანხმდეს, შემდეგ კი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება პროცედურულად უნდა მოესწროს პარლამენტში.

ხელისუფლება-ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესისთვის საქმიანი კალაპოტის მიცემაში უდიდესი წვლილი საერთაშორისო თანამეგობრობას შეაქვს. საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ დიალოგი აქამდე უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში მიმდინარეობდა (ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ ხვდებოდნენ). პროცესი ახდენდა შთაბეჭდილებას, რომ შეთანხმებაზე ორიენტირებული არც ერთი აქტორი არ იყო. ამჯერად განსხვავებულ პროცესს ვაკვირდებით და ამაში ლომის წილი დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს შეაქვთ.

სწორედ ისინი სთავაზობენ მოლაპარაკებებისთვის სივრცეებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და თითქოს, საქმე წინ მიდის. თუმცა, აქვე, წარსულის მწარე გამოცდილებაც არ უნდა დავივიწყოთ: ხელისუფლების ანგარიშზეა ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში, როდესაც, თითქოს, ყველაფერი შეთანხმებული იყო და დაპირებებიც გაცემული, მაგრამ რეალობა მოსალოდნელი მიმართულებით არ შეცვლილა და ოცნებამ სიურპრიზი „შესთავაზა“ საზოგადოებას.

ხელისუფლება-ოპოზიცია ამერიკის საელჩოს მასპინძლობითაც შეხვდა ერთმანეთს და გერმანიის ელჩის მიწვევითაც. დავით უსუფაშვილი, ახლადშექმნილი პოლიტიკური პლატფორმის, ლელოს წარმომადგენელი ტელეკომპანია პირველთან საუბრისას ამ ფაქტებს შეეხო და აღნიშნა, რომ სირცხვილია, როდესაც საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი შუამავლების გარეშე წარმართონ. „მაინცდამაინც ამერიკის ელჩმა და გერმანიის ელჩმა უნდა შეგვახვედროს ერთმანეთს საუზმეზე, რომ შედეგს მივაღწიოთ? ეს სამარცხვინოა. ბოდიშს გიხდით ყველას, რომ ამ პროცესს უყურებთ,“- განაცადა უსუფაშვილმა.

პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალ ხარისხზე საქართველოში, ცხადია, ეს დეტალიც მეტყველებს, თუმცა ამჯერად სასწორზე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი დევს: შეთანხმება პოლიტიკურ აქტორებს შორის, რაც შესაძლებელს გახდის კონსტრუქციულ და შეთანხმებულ გარემოში წარიმართოს პროცესები 2020-ის არჩევნებამდე (და შემდგომაც).

ხელისუფლების წარმომადგენლები ხედავენ, რომ შეთანხმების მიუღწევლობით თავადაც ზარალდებიან. მათი ბოლო წინადადება მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემის პირობებში 100-50-ზე გადანაწილება გახლდათ, სადაც 100 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი იქნება, 50 კი მაჟორიტარი. დახურული შეხვედრების პირობებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები 110-40-ზე პროპორციაზეც თანახმა იყვნენ, თუმცა ეს საკითხი ბოლომდე გახსნილი არაა და ჯერ დაუზუსტებელია, რამდენაც წარმოადგენს ეს პირობა შეთავაზებას.

ოპოზიცია ითხოვს 130/20 პროპორციის დაკმაყოფილებას, ასევე შეთავაზებულია პირობა, რომლის თანახმად 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში არჩევნებზე, პარტიას არ ჰქონდეს მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა. მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, მამუკა მდინარაძე, ამ პირობას მისაღებად მიიჩნევს, თუმცა ღიად კვლავ ბევრი საკითხი რჩება. მაგალითად, ნიშნავს თუ არა მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის მისაღები პირობა მისაღებს სხვა მისი კოლეგებისთვისაც და სხვა.

ევროპულ საქართველოში მიიჩნევენ, რომ 130/20-ზე პროპორცია მთავრობის კოალიციური დაკომპლექტების შესაძლებლობას შექმნიდა.

29 თებერვალს შეხვედრაზე მყოფი ახლადშექმნილი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი (მაგალითად მარიამ ჯაში) აცხადებდა, რომ ამჟამად აქტორები ისეთ სისტემაზე შეთანხმების საკითხს იხილავენ, რომელიც უფრო მეტად პროპორციულობის შესაძლებლობას ქმნის, ვიდრე ეს აქამდე არსებობდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, მათ შორის იმისთვისაც, რომ შეთანხმება არ შედგეს და 2020-ის არჩევნები ამჟამად არსებული სისტემით ჩატარდეს.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს უწევთ მზადყოფნა დიალოგისთვის საერთაშორისო საზოგადოებიდან მომდინარე დიდი წნეხის ფონზე. კრიტიკული წერილები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო და ის უკმაყოფილება, რაც დასავლეთმა ღიად და უპრეცენდენტოდ დააფიქსირა მმართველი გუნდის პოლიტიკის მიმართ, ერთგვარ საგზაო ნიშნად რჩება. „ახლა რა წინადადებებსაც ხელისუფლება აჟღერებს, ეს ჩემთვისაა სიტყვებით თამაში და იმის მიმანიშნებელი, რომ მმართველი გუნდის ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა.

ამასთან, მათ სურთ საერთაშორისო პარტნიორებს აჩვენონ, რომ მზად არიან კომპრომისისთვის. ამ დროს, უარს ამბობენ 130/20 -ზე შეთავაზებაზე. ასევე პრინციპული საკითხი გახლავთ ის, რომ ეს ყველაფერი ხდება უკვე არსებული და მომავალი პოლიტიკური დევნის ფონზე“,- გვეუბნება ელენე ხოშტარია.

გიორგი ვაშაძე პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:37 0:00

ლელოს წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი პოლიტიკური გუნდისთვის განსაკუთრებით საშიშია ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია ხელისუფლების ხელში, მოქალაქეთა ინტერესების საზიანოდ.

„არაჯანსაღი სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, აძლევს პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობას მიიღოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლებით (რომელიც მოსახლეობის ნახევარიც კი არაა) კონსტიტუციური უმრავლესობაც კი. ამით ის იქმნის პირობას, დაჭრას და წეროს კონსტიტუცია საკუთარი გემოვნების შესაბამისად, დანიშნოს მნიშვნელოვან თანამდებობებზე ადამიანები და აკონტროლოს სასამართლო სისტემა,“- გვეუბნება ანა ნაცვლიშვილი.

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგი ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, გიგი უგულავას დაკავების შემდგომ შეწყვიტა. გიგი უგულავა თავად, უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკების პროცესში და იჯდა დიალოგის მაგიდასთან. ოპოზიცია კვლავაც რეპრესიების გაგრძელების მოლოდინშია ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ყოველთვის აფიქსირებს, რომ ბრძოლის ველიდან არ გავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG