ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ნდობის აღდგენა–ყველაზე დიდი სირთულე“


„ნდობის აღდგენა–ყველაზე დიდი სირთულე“

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით გორში შეხვედრა მოეწყო დე–ფაქტო ადმინისტრაციის საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უფლების დაცვის ადგილობრივი და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. მასში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომაგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილესაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა შეხვედრაზე დასწრება აღნიშნული უწყების თანამშრომლების მხრიდან ვერ მოხერხდა. საგანგებოდ ორგანიზებულ შეხვედრაზე სასაზღვრო ხაზს გასწვრივ მცხოვრები ადამიანებიც ესწრებოდნენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმოადგენელი ეკატერინე ქრისტესაშვილი ამბობს: „ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ როგორ შეიძლება მათი უფლებების დაცვის პრევენცია ან რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში თუ მის საზღვრებს გარეთ იმისთვის, რომ თავი დაცულად იგრძნონ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის ორგანიზაციას ამჟამად 30 საქმე აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში გაგზავნილი უშუალოდ 2008 წლის ომით დაზარალებული ადამიანების სახელით. „ჩვენ, ამ შემთხვევაში საჭიროდ ჩავთვალეთ რომ ორივე სახელმწიფოს წინაღმდეგ წამოგვეწყო საქმე. ასე რომ ჩვენი მოპასუხეები ევროსასამართლოში იქნება როგორც რუსეთი, ასევე საქართველო და ორივე მათგანისგან მოვითხოვთ შესაბამის კომპენსაციას ზარალისთვის, რაც ჩვენს კლიენტებს 2008 წელს და შემდგომ პერიოდში მიადგათ,“– ამბობს ლია მუხაშავრია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ჯეფ ჰოპენბრაუერსმა ყურადღება გაამახვილა გადაადგილების თავისუფლების შეზღვუდვის შემთხვევებზე, რაც ადმინისტრაციულ საზღვართან ადამიანებს ყოველთვის ექმნებათ.

საინტერესო იყო ლევან მესხორიძის მოხსენება, რომელიც იუსტიუციის სამინისტროს თანამშრომელია. იგი წარმოადგენს სწორედ საქართველოს სახელმწიფოს მხარეს ევროსასამართლოზე. როგორც ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ აღნიშნა, მათ სტრასბურგში ერთმენთის პირისპირ მოუწევთ გამოსვლა, როგორც მომჩივანსა და მოპასუხეს. მესხორაძემ განაცხადა, რომ მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს მოიგებს თუ წააგებს საქმეს სტრასბურგში, რომელიც ომით დაზარალებული ადამიანის მიერ იქნება შემოტანილი. „ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნლოვანი ისაა, რომ საქართველოს მოქალაქის უფლება იყოს დაცული,“– განაცხადა მან.

შეხვედრაზე დაისვა უამრავი კითხვა. ერთ–ერთი მათგანი კი იმის შესახებ, თუ ვინაა ვალდებული დაიცვას ადამიანის უფლებები ისეთ ადგილას, რომელიც დე–იურე საქართველოს ეკუთვნის, ფაქტობრივი იურისდიქცია კი საქართველოსი არ ვრცელდება. როგორც კვალიფიციურმა იურისტებმა განმარტეს პასუხისმგებლობა ცხინვალსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ აკისრია სახელმწიფოს, რომელიც ამ ტერიტორიაზე „ეფექტურ კონტროლს“ ახორციელებს. ამ შემთხვევაში ასეთად რუსეთი დასახელდა.

XS
SM
MD
LG