ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი 365–ის დასასრული საოკუპაციო ხაზთან


2016 წელს აფხაზებთან და ოსებთან სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველო ისევე ასრულებს, როგორც წინა წლებს: არანაირი ხელშესახები შედეგით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ იცვლება, რაც, თავის მხრივ შეუძლებელს ხდის პროგრესის პროგრესირებას. რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, ის, რაც ბორდერიზაციას, ადამიანთა უკანონო დაკავებას, ანუ რუსული პოლიტიკის ნაწილს ეხება, იგივე რჩება. საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებულ კომპონენტთან დაკავშირებით კი მცირეოდენი პროგრესი გვაქვს. ეს უკავშირდება როგორც სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, ასევე გაზიფიცირების საკითხებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს: „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია წელს, ფაქტობრივად. ესაა დიდი შეღავათი ოჯახებისთვის. ყველა სტუდენტი, 2016–2017 წლებში, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში, ესაა სულ 800 სტუდენტი, დაფინანსდება სახელმწიფოსგან და ვიცი, რომ მათი ოჯახებისთვის ესაა მნიშვნელოვანი შეღავათი. საირიგაციო, სასმელი წყლის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა წელს. ჩვენი სტრატეგია გახლავთ ის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი და უფრო კარგად შეასრულოს ის ამოცანები, რაც აკისრია ყველა სტრუქტურას.“

"ამერიკის ხმასთან" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცის, ჭვრინისის, კოდასა და აბანოს გამგებელი მარიამ გულისაშვილი ამბობს: „გათბობისთვისაა ის 200 ლარიანი დახმარებები წელს. ამჟამად, ჩვენი სოფლების მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი გათბობისთვის გაზს იყენებს. რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემას, ესაა უმუშევრობა. სხვა მხრივ, ქარელის სოფლებში მდგომარეობა ინფრასტრუქტურის მიხედვით- გზა, წყალი, დენი, შემიძლია გითხრათ, რომ მოწესრიგებულია.“

ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში პოზიტიურ ცვლილებას ელიან ასევე მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, როგორც პროცესი უკვე შედგება 2017 წელს. თუმცა რუსეთი, როგორც ამ პროცესებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი, კვლავაც აქტიურ და აგრესიულ მოთამაშედ რჩება. ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ამბობს: „არაერთი მოქალაქე, აფხაზი თუ ოსი, ჩამოდის თბილისში თუ სხვა ქალაქებში და სარგებლობენ გარკვეული მომსახურებებით, ეს, ძირითადად, ჯანდაცვის სფეროს ეხება. ასევე იღებენ განათლებას. მასშტაბებზე და სტატისტიკაზე ჩემთვის რთულია საუბარი, თუმცა ვიცი, რომ ინტერესი იზრდება, რაც კარგია. უფრო დიდი მასშტაბის პროცესებზე საუბარი რთული იმიტომაა, რომ ის დაკავშირებულია ოკუპაციასთან და რუსეთის ფაქტორთან. ჩვენ რომ მოვილაპარაკოთ უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე აფხაზებთან და ოსებთან, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები და არა მხოლოდ თბილისის მხრიდან, არამედ სხვა მხრიდანაც. მაგრამ იქ, სადაცაა ტანკი, სადაცაა რუსული პოლიტიკური ინტერესი, არაა თავისუფალი განვითარების შესაძლებლობები. პოლიტიკურ ინტერესში ვგულისხმობ ხელშეკრულებებს, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ და არც არავინ არ აღიარებს მსოფლიოში და რომელიც მოსკოვმა დადო სოხუმთან და ცხინვალთან. რუსული პოლიტიკა აშკარად ანექსიისკენ და ჩვენი მოსახლეობის სხვა ნაწილის დისკრიმინაციისკენაა მიმართული, ვგულისხმობ ეთნიკურ ქართველებს. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა პატარა, კონსტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენ ვხედავთ და ალბათ, ამ თვალსაზრისით, შეგვიძლია ვისაუბროთ გარკვეულ პოზიტიურ პროცესზე“.

ზარდიაანთკარი კონფლიქტის ზონის სოფელია, სადაც ქართველმა სამართალდამცავებმა შესვლა მხოლოდ 2012 წელს შეძლეს. ამასობაში კი ამ სოფლის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა გორის საბავშვო ბაღებს აფარებდა თავს. მათი ნაწილი დღემდე აქ აგრძელებს ცხოვრებას იქიდან გამომდინარე, რომ ადგილებზე მათი სახლების რეაბილიტაცია დღემდე არ განხორციელდა. ამერიკის ხმა ზარდიაანთკარის მაცხოვრებელს, გორის ერთ–ერთ საბავშვო ბაღში ჩასახლებულ ცისანა თაზიაშვილს ესაუბრა: „გვეუბნებიან წყალი გაქვთ, გაზი გაქვთ, სინათლე გაქვთო. კი გვაქვს, მადლობლები ვართ, რომ გვაქვს, მაგრამ ახლა წყალი ერთი თვეა გაყინულია და ოსური მოსახლეობის მხრიდან მოგვაქვს. მათ ვანათის არხიდან აქვთ სასმელი წყალი, რომელიც ბუნებრივად მოდის და არ იყინება. ჩვენთან კიდევ ჭაბურღილიდან ამოდის და შემდეგ კოშკზე შემოდგმულ ავზში გროვდება. იქ წყალი ერთი თვის წინ რომ გაიყინა, ალბათ, მთელი ზამთარი, მარტამდე ასე იქნება. ავზი რკინისგან გააკეთეს და არა უჟანგავი მასალისგან და უსუფთაო წყალი მოდიოდა ისედაც, სასმელად ის წყალი არ ვარგა, ვერ ვსარგებლობთ,რადგან ჟანგიანი მოდის.“

ერთ დღეში ახალი წელი გათენდება. რუსი მესაზღვრეები უსაფრთხოების ზომებს ერთი დღით ამკაცრებენ. 31 დეკემბერსა და პირველ იანვარს ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტებიდან ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება.

XS
SM
MD
LG