ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უსაფრთხოების საზომი


უსაფრთხოების საზომი

შეხვედრა გორში, რომელიც უსაფრთხოების საკითხს დაეთმო

უაღრესად საინტერესო შეხვედრა გაიმართა გორში, რომელიც უსაფრთხოების საკითხს დაეთმო. მისი ორგანიზატორები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია უსაფრთხო მსოფლიო იყო, რომლებმაც იმის შესახებ, თუ რამდენად სარისკოდ მიიჩნევს კონფლიქტის ზონში მცხოვრები ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ გარემოს და რა გამოწვევების წინაშე აღიქვამს საკუთარ თავს, სპეციალური კვლევაც ჩაატარეს. ამისთვის კონფლიქტის ზონის სოფლებიდან 1000 ადამიანი გამოიკითხა.

შეხვედრას ადგილობრივი ხელიუსფლების წარმომადგენლებიდან შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ, იმყოფებოდნენ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები. შეხვედრაზე უამრავი აქტუალური და პრობლემური შეკითხვა დაისვა დაწყებული გადაადგილებისთვის დაწესებული ჩარჩოებით და დამთავრებული სასაფლაოებზე გასვლის ლიმიტით.

ყველაზე მტკივნეული საკითხი კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის ბუნებითი უფლებების შეზღუდვაა. მაგალითად, მათ არ შეუძლიათ გადაადგილება ისე, როგორც სურთ. შეზღუდული აქვთ უფლება მოინახულონ ახლობლის საფლავი, იცხოვრონ სიცოცხლისთვის არასაშიშ გარემოში, იმუშაონ საკუთარ მიწის ნაკვეთზე და სხვა. მსჯელობა და დიალოგი ყველა ზემოთხსენებულ საჭირბოროტო თემას შეეხო. თუმცა უმთავრესი განცხადება მაინც შსს–ს წარმომდგენლებმა ნატო ჯავახიშვილმა და ოთარ ჭელიძემ გააკეთეს, როდესაც თქვეს, რომ საქართველოში არსებობს ოთხი პუნქტი, საიდანაც როგორ ქართულ–ასევე ოსური მხრიდან ადამიანებს შეუზღუდავად შეუძლიათ გადაადგილდნენ. მათ ასევე განაცხადეს, რომ ორგანიზებულად, ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობაც არსებობს, რასაც ევროკავშირისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ, თუმცა ამის შესახებ წინასწარი შეთანხმებაა მათთან საჭირო. ეს ინფორმაცია შეხვედრაზე ყველასთვის სიახლეს წარმოადგენდა, რაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ქეთევან ბებიაშვილმაც აღნიშნა.

შეხვედრაზე ერგნეთის ბაზრობის შესახებაც იყო მსჯელობა. ითქვა რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება კონფლიქტის ზონის მცხოვრებთათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას სახელმწიფო სტრატეგიაც ითვალისწინებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

შსს –ს წარმომადგენელმა ოთარ ჭელიძემ განაცხადა, რომ ახალგორის საგუშაგოზე პროდუქტის გატარების პრობლემა არ დგას და მოსახლეობას თავისუფლად შეუძლია მისი გადატანა ორივე მხარეს და დასძინა, რომ ქართულ მხარეს მყოფი გუშაგების მიმართ გაცემულია ბრძანება, რომლის მიხედვით, ისინი ვალდებულნი არიან ოსურ მხარეს მცხოვრები მოქალაქე, რომელსაც ვთქვათ ქართულ ბაზარში სურს პროდუქტის შეძენა, დაუბრკოლებლად გაატარონ. „თუმცა ჯერ არც ერთი ოსი აქეთ მხარეს არ გადმოსულა. საქმე ისაა, რომ მათ რუსი მისაზღვრეები არ ატარებენ.“ შსს–ს წარმომადგენლის ამ განცხადებამ შეხვედრაზე დებატების ტალღა გამოიწვია.

შეხვედრის ბოლოს საუბარი დაკავებულების თემას შეეხო. შსს–ს წარმომადგენლების განმარტებით, ამ ეტაპზე ცხინვალის ციხეში 4 ქართველი იმყოფება, რადგან პარასკევ საღამოს იქიდან 8 ადამიანი გაათავისუფლეს. ქართულ ციხეში კი ამჟამად ომის შემდგომ დაკავებული ორი ოსი ეროვნების ადამიანი იხდის სასჯელს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG