ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შობის დღესასწაული კონფლიქტის ზონაში


კარალეთი. რადიო თავისუფლების ფოტო.

ქრისტესშობის დღესასწაულს დღეს ტრადიციულად აღნიშნავენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები და დევნილებიც. ამერიკის ხმა რამდენიმე ოჯახს ესტუმრა და მათი საშობაო სამზადისის, სურვილების, დარდის, დღემდე აუხდენელი და ასახდენი ოცნებების შესახებ ინტერვიუები ჩაწერა.

ნაზი ბერუაშვილი 70 წელს მიღწეული ადამიანია და გორთან ახლოს დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, პატარა კოტეჯში ორი პატარა საძინებლით და მისაღებით. ქალბატონი ნაზი დევნილად 2008 წლის შემდეგ იქცა. დღეს მისი შვილის, თამარის დაბადების დღეა, თუმცა მისთვის პირადად მილოცვას ვერ ახერხებს, მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით უკავშირდება, რადგან თამარი ცხინვალში ცხოვრობს. „21-ე საუკუნეში გადაადგილების პრობლემა რატომ უნდა იყოს“,- წუხს ქალბატონი ნაზი: „ჩემი შვილი ცხინვალში ცხოვრობს. ესაა ჩემი წართმეული უფლებაა: არ შემიძლია შვილი ვნახო და პირადად მივულოცო დაბადების დღე. ტერიტორიულად ახლოს ცხოვრობს, მაგრამ მისასვლელად ძალზე შორია. შვილიშვილები მერვე წელია არ მინახავს. შვილთაშვილიც მყავს, მაგრამ ჯერ არ შევხვედრილვარ. მხოლოდ კომპიუტერით თუ შევხედავ, ესაა“.

გიული ოქროპირიძე ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ცხოვრობს ხუთ შვილთან და მეუღლესთან ერთად. მისი უმცროსი ქალიშვილი, ქეთევანი 2008 წელს 8 აგვისტოს, ომის დროს დაიბადა. წლევანდელი დღესასწაული ერგნეთელი ბავშვებისთვის მოულოდნელ სიხარულთანაცაა დაკავშირებული და იმედგაცრუებასთანაც. მოულოდნელი სიხარული ახალ წლამდე ერგნეთში კოკა-კოლის სანტას მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რასაც იქ არავინ ელოდა. იმედი კი მუნიციპალიტეტის მიერ გაგზავნილმა თოვლის ბაბუმ გაუცრუათ, რომელსაც ახალი წლის ღამეს იქ მისვლა დააგვიანდა. „კოკა-კოლას მანქანა მოვიდა ახალი წლის წინა ღამეს. საოცრად კარგი იყო, ბავშვებს, უფროსებს, ყველას უხაროდა, შევიკრიბეთ პოსტთან, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვართანაა. დაიწყო საცეკვაო მუსიკა, ყველა მხიარულობდა, რაღაც კარგი განწყობა, მხიარულება შემოიტანა ამ ვიზიტმა“,- ამბობს გიული ოქროპირიძე.

ზაალ ახალკაცი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ცხოვრობს, რომელსაც ოსური სოფლები მუგუთი და დიდმუხა ესაზღვრება. დვანში ლითონის ღობე გავლებულია რუსი მესაზღვრეების მიერ, თუმცა არა სრულ პერიმეტრზე. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ამ დროისთვის დვანიდან ერთი ადამიანი იმყოფება ცხინვალის ციხეში და მას იქ ერთი წლის გატარება მოუწევს, რადგან ერთი თვის განმავლობაში ამგვარი „დარღვევა“ ორჯერ დაუფიქსირეს. „ახალი წლისთვის და შობას სროლების ხმას არ შევუწუხებივართ, აქა-იქ თუ ისმოდა. ომამადე, სანამ რუსის ჯარი დადგებოდა, ახალ წელს უფრო ბევრს ისროდნენ. მშვიდობაა ამ დროისთვის. ერთი ჩვენი თანასოფლელია დაკავებული. შეეშალა საზღვარი, დააკავეს რუსმა მესაზღვრეებმა და წაიყვანეს. ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხვდა ცხინვალის ციხეში და ამის გამო ერთი წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ასე ითქვა აქ, ასე გავიგეთ,“- ამბობს ზაალ ახალკაცი.

გამოსაზამთრებლად, გათბობით უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონის სოფლებში მაცხოვრებელი ოჯახებისთვის 200 ლარიანი დახმარებები გამოყო. დვანში ეს თანხა აიღეს ადგილობრივებმა, ერგნეთში კი ჯერ კიდევ ელიან. 2008 წლის შემდეგ კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლების უმეტეს ნაწილს შეეზღუდა ხელმისაწვდომობა ტყის გამოყენებაზე. ბუნებრივი აირით კი ამ დროისთვის ყველა ვერ სარგებლობს.

XS
SM
MD
LG