ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გორდონი: "ნატოს გაფართოება სწორი პოლიტიკაა"


გორდონი: "ნატოს გაფართოება სწორი პოლიტიკაა"

"მოსკოვთან დადებითი ურთიერთობები ალიანსის ინტერესებში შედის."

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა საერთაშორისო პრეს კლუბში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე ბატონმა გორდონმა განაცხადა, რომ მოსკოვთან დადებითი ურთიერთობის ქონა ალიანსის ინტერესებში შედის. სწორედ ეს იყო პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის მიზანი.

გორდონმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ სურვილისა, რუსეთსა და ნატოს შორის, განსაკუთრებით კი რუსეთსა და ამერიკას შორის კვლავ არსებობს უთანხმოებები გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

თუმცა, იმისთვის, რომ დაძაბული ურთიერთობა დარეგულირდეს, აუცილებელია ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ იმაზე, რომ უთანხმოებები აქვთ და აქედან გამომდინარე, გააგრძელონ ურთიერთობის გაუმჯობესება იმ პრაქტიკულ საკითხებში, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს.

შეკითხვაზე კვლავ უჭერენ თუ არა ალიანსის წევრები მხარს ნატოს გაფართოებას ბატონმა გორდონმა ბრძანა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ნატოს სტრატეგიული კონცეფციის ტექსტი ჯერ არ არის გამოქვეყნებული რთულია მასზე კომენტარის გაკეთება. თუმცა, ღია კარის პოლიტიკა კვლავ გაგრძელდება. ალიანსის გაფართოებას არა მხოლოდ შეერთებული შტატები უჭერს მხარს, არამედ ამ თემაზე კონსენსუსია თავად ნატოშიც. ალიანსის წევრები მიიჩნევენ, რომ გაფართოება სწორი პოლიტიკაა და ახალი წევრების შეძენა არა მხოლოდ ნატოს დაეხმარა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში, არამედ თავად კანდიდატ ქვეყნებსაც.

„კონკრეტული კანდიდატების მიღებას რაც შეეხება, ნატო თავად გამოაცხადებს ლისაბონში იმას, თუ როგორ განვითარდება პროცესები. შეერთებული შტატების პოზიციას რაც შეეხება, ჩვენ კვლავ ვუჭერთ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილს.“

ბატონმა გორდონმა ნატო-რუსეთის საბჭოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რუსეთ -საქართველოს ომის შემდეგ საბჭო პირველ შეხვედრას ლისაბონის სამიტზე გამართავს. გამომდინარე აქედან, ეს შეხვედრა შეერთებული შტატებისთვის და ნატოსთვის რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების საშუალება იქნება.

XS
SM
MD
LG