ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გუგლს" ამერიკის მთავრობისთვის $170 მილიონის გადახდა მოუწევს


კომპანია "გუგლი" დღეს დათანხმდა, შეერთებული შტატების ფედერალურ სავაჭრო კომისიას 136 მილიონი დოლარი გადაუხადოს. "გუგლს" ნიუ-იორკის შტატისთვის დამატებით 34 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. კომპანიის მფლობელობაში მყოფ ვიდეო პლატფორმას "იუ-ტუბს" ბრალად უყენებენ ბავშვებისგან პირადი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებას და სხვებისთვის გაზიარებას.

მომჩივანი მხარე 1998 წლის ფედერალურ კანონს იშველიებს, რომელიც ამბობს, რომ 13 წლამდე ბავშვზე ინფორმაციის შეგროვება მშობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია. "იუ-ტუბს" ბრალად წაუყენეს მშობლების ნებართვის გარეშე, საბავშვო არხების მაყურებლებზე დაკვირვება და შემდეგ მათზე დამიზნებული რეკლამების გაყიდვა. სავალდებულო ჯარიმის გარდა, "იუ-ტუბს" მოუწოდებენ, გადახედოს პლატფორმის მუშაობის პროცესს და არასრულწლოვან მაყურებლებთან მუშაობის პრაქტიკას.

"გუგლისთვის" ეს ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ დაწესებული პირველი სანქცია არ არის. 2011 წლიდან მოყოლებული, პირადი ინფორმაციის დაუცველობის გამო, ტექნოლოგიურ გიგანტს ჯარიმის გადახდა უკვე მესამედ უწევს.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ "გუგლმა" საქმეს თავი "ფეისბუქთან" შედარებით, გაცილებით იოლად დააღწია. წელს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ ამ "ფეისბუქს" 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ისიც, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მხოლოდ 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეები გაცილებით მკაცრ ჯარიმას ითხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2016 წელს, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა რამდენიმე გზით, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებით სცადა, ამერიკის მთავრობა თანდათან უფრო მეტი ყურადღებით ეკიდება ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობას. ბოლო ორი წლის მანძილზე გულდასმით აკვირდებიან იმას, თუ როგორ გროვდება კომპანიებში მომხმარებლებზე ინფორმაცია და შემდეგ რა მიზნებისთვის იყენებს მათ მონაცემებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG