ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ დაიცავს საქართველოში საზოგადოებისგან გარიყულებს?


რადიო თავისუფლების ფოტო, თბილისი
ამერიკის ხმა ამერიკაში მომავალი თაობის ლიდერთა პროგრამის მონაწილეს და საქართველოში არსებული მოძრაობა-თანასწორი გარემო ყველასათვის-წევრს გიორგი ახმეტელს ესაუბრა.

ამერიკის ხმა: რას გულისხმობს თქვენი ტრეინინგი ამერიკაში და რას შეცვლის ეს გამოცდილება თქვენთვის, საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

გიორგი ახმეტელი: ამერიკაში ჩამოვედი მომავალი თაობის ლიდერების პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა მოიცავს რამდენიმე მოდულს, აქედან პირველი უკვე გავიარეთ ვაშინგტონში, სადაც აქცენტი იყო გაკეთებული ღირებულებებზე. ეს გამოცდილება გამომადგება იმაში, რომ უფრო ჩამოყალიბებული ვიყო [თუ რას ვაკეთებ] და იმედი მაქვს დავუშვებ უფრო ნაკლებ შეცდომებს. მეორე მოდული არის უკვე ნიუ იორკში, მასპინძელი ორგანიზაცია არის NATIONAL ORGANISATION ON DISABILITY, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დასაქმებაზე, აქტიურად, იქ მექნება საშუალება ვნახო თუ როგორ ახდენს ეს ორგანიზაცია კომუნიკაციას კერძო სექტორთან, მთავრობასთან, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, და ამ ყველაფრის ნახვა საშუალებას მომცემს, რომ საქართველოში, სადაც არ მუშაობს სპეციალური ინსტიტუტები, და აქ არსებულის გადატანა არ მოხერხდება- უფრო კარგად და ჩამოყალიბებულად მოვითხოვო საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების დასქმება და ხელი შევუწყო ამ პროცესს.

ჩვენ ვართ 11 სხვადასხვა პროფესიის ადამიანი პაკისტანიდან, პერუდან, კოლუმბიიდან, ვიეტნამიდან, მექსიკიდან. პირველი მოდული, სადაც ღირებულებების ხაზგასმა მოხდა იყო ყველასთვის საერთო, მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი მასპინძელი ორგანიზაცია და შემდეგში ჩვენი მიმართულებებით მივიღებთ გამოცდილებას.

ამერიკის ხმა: რაც შეეხება საქართველოს-რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა იქ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის და რა არის ის ერთი მთავარი, რამაც მათ, ყველას მსგავსად, თანაბრად აგრძნობინებს თავს საზოგადოებაში?

გიორგი ახმეტელი: კი ბატონო, მოგახსენებთ-საქართველოში ამ მხრივ ძალიან რთული მდგომარეობაა, ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს რიყავს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს საზოგადოებიდან. ეს არის ფიზიკური გარემო, საზოგადოების ცნობიერებაც აქეთკენ არის მიმართული, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები-საკმაოდ დიდი თემი-გარიყოს და არ მისცეს მას საშუალება სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. მაგრამ არსებობს გაეროს 2006 წლის კონვენცია, სადაც ნათლად არის გაწერილი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის მიდგომები, რომლებიც მოიცავს განათლების ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას, ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში, და მონიტორინგის ძალიან ძლიერი კომპონენტი დევს ამ დოკუმენტში. ეს არის დოკუმენტი, რომელიც არამარტო ქართველ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს მისცემს საშუალებას თანაბარი ცხოვრებისათვის, არამედ ძალიან ბევრმა ქვეყანამ უკვე მოუხდინა მას რატიფიცირება. [საქართველოს] პარლამეტმა გამოთქვა მზაობა-უმცირესობამ და უმრავლესობამ, ასევე პარლამენტის უმეტესი კომიტეტები მხარს უჭერენ ამ კონვენციის რატიფიცირებას, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტი, მაგრამ არის სამწუხაროდ დამატებით, იურიდიულ საქმეთა კომიტეტი, რომელმაც მოითხოვა კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გეგმა, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ძველი, საქართველოს უვარგისი კანონმდებლობს გადაწყობა კონვენციის მიდგომებზე.

[ამერიკაში] მიწევს შეხვედრები ძალიან საინტერესო ხალხთან, ლექციებს გვიკითხავენ ელჩები, ყოფილი ელჩები, ადგილობრივი აქტივისტები, ვინც თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა ამერიკაში მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ამერიკაში არსებობს ადა-ც, American Disability Act-თუმცა მარტო აღებული გაეროს კონვენცია, მარტივი დასანახია, რომ ბევრად ჯობია ადა-ს.
XS
SM
MD
LG