ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩემი ფეხით მივალ ციხეში," გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო


გიგი უგულავა/ თბილისი/ 2013 წელი

თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო. სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობა 3 წლით 2 თვით და 8 დღით განუსაზღვრა.

პროცესის შემდეგ გიგი უგულავამ მედიასთან განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ საპატიმროში თავის ფეხით მივა.

"დაგელოდებით, მეგობრებო, მობრძანდით თქვენი უწყისით. ამავე დროს, მე მზად და მირჩევნია მე თვითონ... გამოცდილება შესაბამისი მაქვს, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, ბუნებრივია, მე ეს წინასწარ ვიცოდი,"-
თქვა უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.

საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლად არჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.

უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ უგულავა უზენაესმა სასამართლომ იმ მუხლით გაასამართლა, რომლითაც 9-წლიანი პატიმრობა იყო გათვალისწინებული. თუმცა, ამ მუხლზე ამნისტია გავრცელდა და ის განახევრდა. იმის გამო, რომ მას მოხდილი ჰქონდა წელიწადი და ოთხი თვე, პატიმრობაში ყოფნა სამ წელზე მეტ ხანს მოუწევს.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG