ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობით, მაესტრო! - კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა


ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში, თბილისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. ყანჩელს სიცოცხლეშივე აღიარებდნენ, როგორც მსოფლიოში ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიტორს. სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედების ნაწილია ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილი მუსიკაც. "მშვიდობით, მაესტრო!", - ამ სიტყვებით ემშვიდობებიან მას სოციალურ ქსელებშიც.

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში იყო რუსთაველის თეატრის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელი, ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. იგი 1995 წლიდან ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში.

განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მოუტანა. რობერტ სტურუას სპექტაკლებისათვის - „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“ - შექმნილი მუსიკის ავტორიც გია ყანჩელია.

ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: „ხანუმა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „მიმინო“, „შერეკილები“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „როცა აყვავდა ნუში“ და სხვა - ეს გია ყანჩელის მუსიკალური მემკვიდრეობის არასრული ჩამონათვალია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG