ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პიკასოს, მატისის და შაგალის დაკარგული ნამუშევრები


ნაცისტური რეჟიმის დროს, შედევრების კონფისკაცია ებრაელ კერძო მლობელთა ოჯახებში განხორციელდა

მიუნხენის ერთ-ერთი ბინიდან 1500-მდე ხელოვნების ნიმუში ამოიღეს. მათ შორის პიკასოს, მატისის და შაგალის ნამუშევრებიც იყო, რომლთაც 70 წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. გერმანელი სამართალდამცავების მონაცემებით, კონფისკაცია თავის დროზე ნაცისტებმა ებრაელ კერძო მლობელთა ოჯახებში განახორციელეს. ამ საქმის შესახებ სრული ინფორმაცია სულ ახლახან გამოქვეყნდა.

გერმანულ გაზეთ „ფოკუსის“ინფორმაცია კორნელიუს გურლიტის შესახებ, რომელმაც მიუნხენში მამისგან მემკვიდრეობად დაკარგული ხელოვნების ნიმუში მიიღო, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ჰილდერბრანდ გურლიტი ნაცისტური რეჟიმის დროს მუზეუმის დირექტორი იყო. სხვა მოვალეობებს შორის, ნამუშევრების საზღვარგარეთ გაყიდვას კურირებდა და ზოგიერთს თავისთვისაც იტოვებდა. გერმანიის მთავრობის პრესმდივანი აცხადებს, რომ ბავარიის შტატის პროკურორებს ფედერალური მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვთ. თუმცა, პუბლიკაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

ბმული

„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა საქმის კურსში ვართ. გერმანიის მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ძიებას და მას ექსპერტებით უზრუნველყოფს“- აცხადებს გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესმდივანი, შტეფან შიბერტი.

ექსპერტები 20 ათას ნამუშევარს ასახელებენ, რომლების კონფისკაციაც ნაცისტური რეჟიმის დროს ებრაელთა ოჯახებში ან გადამყიდველებში ხდებოდა. მათი ნაწილი ჯერ კიდევ დაკარგულია. შედევრებზე პრეტენზიას მფლობელთა შთამომავლები აცხადებენ.

რუდიგერ მალო, გერმანელ ებრაელთა ქონებრივი უფლებების ორგანიზაციიდან, მათ ინტერესებს იცავს.

„გურლიტის საქმე ადასტურებს, თუ რა დონემდე იყო მისული ორგანიზებული დამნაშავეობა ნაცისტურ გერმანიაში. კერძო მფლობელებს ართმევდნენ, მუზეუმში აბინავებდნენ, შემდეგ ყიდდნენ, ან იპარავდნენ. ხელოვნების ნიმუშთა გაყიდვა არც მას შემდეგ იყო გამჭვირვალე პროცესი. გურლიტის ოჯახში ნამუშევრები ორი წლის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ მათ შესახებ ახლა შევიტყვეთ“ - აღნიშნავს რუდიგერ მალო.

გაზეთ „ფოკუსის“ მიხედვით, საქმე სრულიად შემთხვევით, 2010 წელს ჩატარებული ერთ-ერთი რუტინული საბაჟო შემოწმების შემდეგ გაიხსნა. 80 წლის გურლიტს 12 ათასამდე ევრო შვეიცარიიდან გერმანიაში გადაჰქონდა. მან სავარაუდოდ ხელოვნების ნიმუში შვეიცარიულ გალერეას მიყიდა. ერთი წლის შემდეგ, გურლიტის მიუნხენის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მილიარდამდე ევროს ღირებულების ნამუშევრები აღმოაჩინეს. რუდიგერ მალოს თქმით, თითოეული მათგანი მაგდებურგის დაკარგულ შედევრთა სიაში უნდა აღირიცხოს.
XS
SM
MD
LG