ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის განცხადებით, ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის მთავრობაა


რუსეთის ელჩი გერმანიაში ხუთშაბათს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოიძახა. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ აქვეყნებს და წყაროდ ბერლინში რუსეთის საელჩოს ასახელებს.

გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მათ საკმარისი სამხილი აქვთ რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ, ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე. პროკურორის განცხადებით, მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების მიერაა შეკვეთილი. პროკურორმა რუსეთის მოქალაქეს მკვლელობის ბრალდება წაუყენა.

პროკურორმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო სამსახურებმა“ ხანგოშვილის „ლიკვიდაციის“ ბრძანება გასცეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მასმა განაცხადა, რომ მათ რუსეთის ელჩი გამოიძახეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვიწვიეთ რუსეთის ელჩი საგარეო სამინისტროში შეხვეედრისთვის, რომ ჩვენი პოზიცია ზუსტად, ნათლად გავაცნოთ რუსულ მხარეს“, - განაცხადა მან. “გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას, რომ [ხანგოშვილის] საქმეზე დამატებით ზომები მიიღოს“, - თქვა მან.

ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს, 23 აგვისტოს, ბერლინში, პარკში, ველოსიპედით მიმავალმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მისი მკვლელობის უკან, ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვის სახელით მოქმედებდა. თუმცა, „ბელინგქეთის“ 2019 წლის გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილის ნამდვილი ვინაობა, ვადიმ კრასიკოვია. ის ასევე 2013 წელს მოსკოვში რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის იძებნება. ის პოლიციამ მალევე დააკავა მაშინ როცა ეჭვმიტანილი სავარაუდო მკვლელობის იარაღის დამალვას ცდილობდა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. კრასიკოვი უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.

პროკურორის განცხადებაში, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობის მოტივებზე საუბარობს, ნათქვამია, რომ „მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, და ასევე, საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“.

დეკემბერში, ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა იმ მიზეზით, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობდა საქმის ფარგლებში ბერლინთან. ხანგოშვილის საქმეზე საუბრისას, კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინმა და სამხილის გარეშე ხანგოშვილი „სისხლიან მებრძოლად“ მოიხსენია.

ხანგოშვილი საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელით და გვარით ცხოვრობდა. ის 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში იბრძოდა. გამოცემა "დეილი ბისტი" წერდა, რომ ხანგოშვილი წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. 2015 წელს თბილისში მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ხანგოშვილმა გერმანიაში მოითხოვა თავშესაფარი, რაზეც უარი მიღო.

ხანგოშვილი ჩეჩნეთში, რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობის ნაწილი იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში, მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა. საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის Bellingcat, გერმანული Spiegel და რუსული გამოცემის Insider ინფორმაციით, რამდენიმეთვიანმა გამოძიებამ აჩვენა, ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაცია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დაგეგმეს და განახორციელეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG