ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ორ რუს დიპლომატს აძევებს


გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ზემილხან ხანგოშვილის მკვლელობაში მოსკოვის კვალის გამო. გერმანიის გენერალური პროკურორის თქმით, ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სადაზვერვო სააგენტოები მონაწილეობდნენ.

ზემილხან ხანგოშვილი ბერლინში, პარკში, ველოსიპედით მიმავალმა პირმა გასროლით მოკლა. საქმის გამოძიება საკუთარ თავზე გერმანიის მთავარმა პროკურორმა აიღო. პროკურორის გადაწყვეტილება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ეჭვმიტანილი, ვადიმ კრასიკოვი ასევე იძებნება 2013 წელს, რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის.

კრემლი ამ დრომდე მკვლელობაში რაიმე როლს კატეგორიულად უარყოფდა. გერმანიის მიერ ორი დიპლომატის გაძევებაზე, კრემლს განცხადება არ გაუკეთებია. გერმანელი ოფიციალური პირები, კი თავდაპირველად საქმეზე საუბარს თავს არიდებდნენ. თუმცა რუსეთის მთავრობის მხრიდან გამოძიებაში თანამშრომლობაზე უარმა, ეჭვები გაამყარა.

ეჭვმიტანილი, რომელმაც 40 წლის ხანგოშვილს, 24 აგვისტოს კლაინა- ტიერგართენის პარკში თავში ესროლა, პოლიციამ დააკავა, მაშინ როცა ის სავარაუდო მკვლელობის იარაღის დამალვას ცდილობდა. ის უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. მკვლელმა, გერმანიის მხარის თქმით, სავარაუდოდ მოსკოვიდან პარიზის გავლით, გაყალბებული რუსული პასპორტით იმოგზაურა.

ხანგოშვილი საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელით და გვარით ცხოვრობდა. რამდენიმე თვის წინ გამოცემა "დეილი ბისტი" წერდა, რომ ხანგოშვილი გასული ხელისუფლების პირობებში საქართველოს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. 2015 წელს თბილისში მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ხანგოშვილმა გერმანიაში მოითხოვა თავშესაფარი, რაზეც უარი მიიღო.

ხანგოშვილი ჩეჩნეთში, რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობის ნაწილი იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში, მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი მკვლელობა ჯდება იმ თარგში, რასაც რუსეთი იყენებს, ჩეჩნების წინააღმდეგ, სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში.

გასულ წელს, დასავლეთის მთავრობებმა რუსი დიპლომატები მას შემდეგ გააძევეს, რაც აღმოჩნდა, რომ დიდ ბრიტანეთში, ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვული აგენტით მოწამვლაში რუსეთი მონაწილეობდა. ხანგოშვილის საქმე ამ კონტექსტში ბევრმა გერმანულმა და საერთაშორისო გამოცემამ ახსენა. მაშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 23 დიპლომატი გააძევა.

საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას განცხადება არ გაუკეთებია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG